რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავი ლომი“ „ლუზიტანუშთან“ მატჩისთვის ემზადება - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„შავი ლომი“ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე თამაშს 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე ლისაბონში, „ქარ ჟამორ სთედიუმზე“ პორტუგალიურ „ლუზიტანუშთან“ გამართავს.
ესპანურ „იბერიანსთან“ ბონუსით (39:19) მოგების შემდეგ „შავი ლომი“ ლისაბონში გაემგზავრა და მომავალი მატჩისთვის ადგილზე ემზადება.
„შავი ლომის“ მომავალი მეტოქე პირველი ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ისრაელის „თელავივ ჰითსთან“ 23:31 დამარცხდა.
„შავი ლომის“ მსგავსად, „ლუზიტანუში“ პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდია, რაც მომავალ დაპირისპირებას დამატებით ინტერესს მატებს, რადგან 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ერთხელ შეხვდნენ – 2022 წლის მაისში, სუპერთასის პირველი გათამაშების ფინალში, „შავმა ლომმა“ მეტოქეს ლისაბონში 17:14 მოუგო.
მომავალი მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„იბერიანსთან“ მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – ფრთაზე სანდრო თოდუას ოთარ ლაშხი შეცვლის, ხოლო კვაჭის პოზიციაზე ამჯერად ძირითადში ირაკლი ქვათაძეა, ბექა მამრიკიშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა.
მარქაფაში ორი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც „იბერიანსის“ წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათგან ერთი დებიუტანტია – შალვა აფციაური, რომელმაც ზაფხულში საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ასევე მარქაფაშია თორნიკე კახოიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში „შავი ლომის“ ფორმით პირველად ითამაშებს.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ლუზიტანუშთან“
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.