რაგბი ევროპის სუპერთასი | გადამწყვეტი მატჩი ლიმასოლში - „თელ ავივ ჰითთან“ „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასი | გადამწყვეტი მატჩი ლიმასოლში - „თელ ავივ ჰითთან“ „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

18 ნოემბერს რაგბი ევროპის სუპერთასზე, „შავი ლომი“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კვიპროსში, „თელ ავივ ჰითის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ორი ტურის შემდეგ ამ გუნდებმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს (10-10) და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ქართული გუნდი მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის და პირველ ადგილზეა. „შავ ლომსა“ და „ჰითს“ თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში განაღდებული აქვთ.

შეგახსენებთ, სუპერთასის ახალი ფორმატის თანახმად, A ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გადის, პირველადგილოსანი B ჯგუფის საუკეთესო გუნდს მასპინძლობს (რუმინული „ვულვზი“, ან ბელგიური „დევილზი“), მეორეადგილოსანი კი მესამეს დაუხვდება.

აქამდე „შავ ლომსა“ და „ჰითს“ ერთმანეთში ხუთჯერ უთამაშიათ. სუპერთასის პირველ გათამაშებაში ქართულმა გუნდმა ორივე შეხვედრა ბონუსით მოიგო – თბილისში 33:10, ხოლო სტუმრად 52:28.

2022 წელს თბილისში თამაში ფრედ 25:25 დასრულდა, თელ ავივში კი მასპინძლებმა 24:18 მოიგეს. ამ მატჩებიდან რამდენიმე თვეში, სუპერთასის მეორე გათამაშების ფინალში „შავმა ლომმა“ „ჰითი“ „ავჭალაზე“ 29:17 დაამარცხა.

მომავალი მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.

„ლუზიტანუშთან“ მოგების (22:0) შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.

ტრავმა მოიშუშა და გუნდს უბრუნდება ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა ხატიაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. მეორე ხაზში თამაშს დემურ ეფრემიძე იწყებს, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი სათადარიგო იქნება.

კვლავ სასტარტოთა შორის არიან ბურჯი დავით აბდუშელიშვილი, კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში მიჯრით მესამე თამაშს იწყებენ ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ასევე უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.

ცენტრში გუნდის კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, გიორგი კვესელაძე კი ამჯერად სათადარიგოა. ფრთაზე, ოთარ ლაშხის ნაცვლად, შალვა აფციაურს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა და ფულბეკი აკა ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე არიან.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.