რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
16 თებერვალს, 15:45 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მადრიდში 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ესპანეთთან გამართავს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ რიჩარდ კოკერილს საკადრო პრობლემები შეექმნა. ნიდერლანდებთან მატჩის (40:7) შემდეგ ტრავმების გამო ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე ვერ ითამაშებენ, დისკვალიფიცირებულია ბექა გორგაძე, ხოლო თედო აბჟანდაძე შეკრების დაწყებამდე დაშავდა. აქედან გამომდინარე, კოკერილმა შემადგენლობში რამდენიმე გადაადგილება მოახდინა.
დავით ნინიაშვილი შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე დაიწყებს – 22 წლის მორაგბე ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. ფულბეკად ახალგაზრდა დაჩი პაპუნაშვილი ბრუნდება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შვეიცარიასთან (110:0) ჰქონდა. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა – ფრთაზე, სანდრო თოდუას ნაცვლად, თამაშს შალვა აფციაური დაიწყებს, მეორე ფრთაზე აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, 9 ნომრად კი ვასილ ლობჟანიძეა გამწესებული.
სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა კვაჭმა ვანო კარკაძემ, მის პიზიციაზე მარქაფიდან თამაშში ირაკლი ქვათაძე ჩაერთვება, ბურჯებად ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე ითამაშებენ. გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს.
უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე წელს ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხოლო მარქაფაში გიორგი ჯავახია ჰყავთ. ტრავმების გამო სრულად შეიცვალა მესამე ხაზი. ამჯერად თამაშს ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი დაიწყებენ, თადარიგში კი ბექა შვანგირაძე იქნება.
ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და პირველ ან ორ მარტს თასის ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი B ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 21 მატჩი „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი მოგება ესპანელებს დარჩათ – 2000 წელს, 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. განვლილ 25 თამაშში საქართველომ ესპანეთს 109 ლელო დაუდო, თავად კი 36 მიიღო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 12. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 11. შალვა აფციაური („შავი ლომი“), 10. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („მონპელიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 6. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), 7. გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“), 8. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 19. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 20. ბექა შვანგირაძე („ლიონი“); 21. გელა აფრასიძე („პერპინიანი“), 22. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).