2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში – 18:9 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და კვლავ მე-12 ადგილს იკავებს.
ტურნირის პირველ დღეს მაყურებელმა კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება იხილა, რომელშიც ბელგიამ გერმანიას უმასპინძლა და მეტოქე ბოლო წუთზე დადებული ლელოთი დაამარცხა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მატჩის მთავარი არბიტრი შოთა თევზაძე იყო და კიდეებზეც ქართველი მსაჯები ირჯებოდნენ.
შეხვედრა სანახაობრივი ნამდვილად არ გამოვიდა. მძიმე სათამაშო კონდიციებიდან გამომდინარე ორივე გუნდი შერკინებით თამაშს ცდილობდა. პირველ ნახევარში ბელგიელებმა ამ ილეთით ორი ლელო დადეს, გერმანელებმა კი ერთი და ტაიმი ანგარიშით 12-7 დასრულდა. მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა – ბელგიელები წინ გადიოდნენ, ხოლო გერმანელები კი ჩამორჩენის აღმოფხვრა ცდილობდნენ . მატჩის ბოლო ლელო 81-ე წუთზე მასპინძლებმა მიითვალეს და შვიდ ქულიანი სხვაობით – 29:22 მოიგეს.
ტურნირის მეორე სათამაშო დღეს ერთადერთი შეხვედრა გაიმართა – ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა. რუსთა შტაბი იმუქრებოდა, რომ ტურნირის ბოლო მატჩამდე, რომელშიც „ბორჯღალოსნებს“ მასპინძლობენ, გამარჯვებით ივლიდნენ და საქართველოს კარგ ბრძოლას გაუმართავდენ, თუმცა მათ გეგმები პირველივე შეხვედრაში აერიათ.
თამაშის კონტაქტურ ეპიზოდებში რუსებმა მასპინძლები კარგად დაჩაგრეს და პირველი ნახევარი 14:7 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში სამი უპასუხო საჯარიმო გაუსვეს და შეხვედრა ანგარიშით 16:14 დათმეს. სტუმრებისთვის გამარჯვების მოტანა 74-ე წუთზე დენის სიმპლიკევიჩს შეეძლო, რომელიც მეტოქეებს კარგად დაუძვრა, თუმცა ლელომდე ხუთიოდ მეტრით ადრე ბურთი ხელიდან გაუვარდა და იდეალური შესაძლებლობა გაანიავა.
პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 4 ქულით „ბორჯღალოსნები“ ლიდერობენ. ამდენივე ქულა აქვთ ბელგიელებს და ესპანელებს. რუსეთს და გერმანიას დამამშვიდებელი ბონუს ქულა ერგოთ და მეოთხე-მეხუთე ადგილს იყოფენ, ხოლო რუმინეთს კი ნული ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.