რაგბი | ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

18 ნოემბერს, 21:30 საათზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება და ზედიზედ მეხუთედ შეეცდება ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

2015 წლიდან დღემდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. პირველ სამ შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. 2018 წელს საქართველომ საფრანგეთს 8:3 მოუგო და პირველი ტიტული მოიგო. მას შემდეგ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ სამჯერ შეძლეს ჩემპიონობა – 2019 წელს ესპანეთს (20:10) სძილეს, 2021 და 2022 წლებში კი პორტუგალიას, შესაბამისად 27:0 და 34:10 (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდპანდემიის გამო არ ჩატარდა).

პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხედფინალში რუმინეთი – 22:15, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთი 34:6 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ შვეიცარიას მოუგეს (86:10), შემდეგ კი ნიდერლანდებს – 29:10.

მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რვა მოთამაშე შეცვალა.

შერკინებაში უცვლელი მხოლოდ მესამე ხაზი დარჩა – ლუკა საღინაძე, ნიკა აბესაძე და ანდრო დვალი. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს. სრულად შეიცვალა შერკინების პირველი და მეორე ხაზი. ამჯერად დამწყებთა შორის არიან, გიორგი მესხიძე, მიხეილ ხახუბია, ნიკა ქუმარიტოვი, კახა შეყილაძე და გაგი მარგველაშვილი.

ცხრა ნომრის პოზიციაზე გიორგი ჯაში ბრუნდება, მგეზავად კი პირველად ითამაშებს გიგი სირბილაძე. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა – ცენტრში გიორგი ხაინდრავას სანდრო სესიაშვილი შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ კეშელავა და ტატო ბურთიკაშვილი დადგებიან, ხოლო ფულბეკად გიორგი ბოლქვაძე ითამაშებს.

21:30 | საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში („არმია“);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე („ხვამლი“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. ნიკა ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 4. კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია („ყოჩები“), 19. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 20. დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“), 22. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 23. დავით ბარბაქაძე („არმია“), 24. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 25. ნუგი ქევხიშვილი („ლელო“), 26. თემო წულუკიძე („იუნკერები“).