რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ზედიზედ მეორე მოგება - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.
ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო.
აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს სამ თამაშში ისე აჯობა, ლელო არ გაუშვია – 41:6, 32:3 და 88:0. 2007 წლამდე, როდესაც ჩეხეთს 98:3 ვძლიეთ, ნიდერლანდებთან 88:0 მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო.
მას შემდეგ ნიდერლანდები რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და ელიტას 2021 წელს დაუბრუნდა. ორი წლის წინ „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ მიიღეს და 48:15 სძლიეს, შარშან კი ამსტერდამში 12 ლელო გაუტანეს და 72:10 მოიგეს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში „ბორჯღალოსნებს“ თამაშის დალაგება გაუჭირდათ, თუმცა მე-11 წუთზე, მეტოქის ერთი-ერთი შეტევის დროს ქართველებმა ნიდერლანდელების შეცდომით კარგად ისარგებლეს, სწრაფი და მრავალსვლიანი იერიში განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანადაძემ კი ზუსტად გარდასახა.
რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ჯარიმა დაარტყეს და უპირატესობა შეამცირეს, მაგრამ ცოტა ხნით – მე-20 წუთზე ჩაჩანიძემ მეორე ლელო გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 12:3 მოიგეს.
„ბორჯღალოსნებმა“ შედეგიანად დაიწყეს მეორე ტაიმიც და, მთლიანობაში, მატჩის მეორე მონაკვეთი უკეთესად ჩაატარეს.
საწყის 10 წუთში გიორგი ჭყოიძემ ორი ლელოს გატანა მოახერხა, აბჟანდაძემ ორივე შედეგიანად გარდასახა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა – 26:3.
64-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ლელო გაქვითეს – რამდენიმეფაზიანი შეტევა კოენ ბლომენის ლელოთი დასრულდა.
ქართველებმა სხვაობა მალე კვლავ გაზარდეს – 70-ე წუთზე, აუტის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ კარგი მოლი ჩამოაყალიბეს და მიხეილ გაჩეჩილაძემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც ამჯერად ლუკა მატკავამ გარდასახა შედეგიანად – 33:8.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველი მორაგბეები მოედანზე 13 დარჩნენ (არბიტრმა ჩვენს ორ მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა და სინბინში გაუშვა), თუმცა მეტოქის თამაშს რიცხვობრივი უპირატესობა არ დატყობია – ლელოს გატანა ჩვენმა მორაგბეებმა კაცნაკლულებმაც შეძლეს, საბოლოოდ მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და 40:8 გაიმარჯვეს.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი მორაგბეები 18 თებერვალს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებენ, თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.