რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარია რეკორდული ანგარიშით დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი შეხვედრა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გამართა და შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა – 110:0
საქართველო – შვეიცარია 110:0
ლელო: ივანიშვილი (2), აფრასიძე (2), ტაბუცაძე (2), აფციაური (2), კვესელაძე, ჯაფარიძე, კახოიძე, მატკავა, სპანდერაშვილი, ალანია, შვანგირაძე, ხაინდრავა.
გარდასახვა: მატკავა (8), ნინიაშვილი (7)
საქართველოს ნაკრები თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული და „ბორჯღალოსნებმა“ ეს სტატუსი გაამართლეს, მათ მეტოქეს 16 ლელო დაუდეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ეს ეროვნული გუნდის რეკორდული მოგება იყო – აქამდე „ბორჯღალოსნებს“ ასეთი სხვაობით არავინ დაუმარცხებიათ, გუნდმა ერთ მატჩში 110 ქულა პირველად მოაგროვა და ასევე პირველად მოახერხა ერთ შეხვედრაში 16 ლელოს დადება.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავს – „ბორჯღალოსნები“ 8 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.