რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა - კოკერილის გუნდში რვა დებიუტანტია #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა - კოკერილის გუნდში რვა დებიუტანტია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთ ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მომავალი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა – 37 მორაგბიდან 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. შეკრებაზე რვა ისეთი მორაგბე იქნება, რომელთაც „ბორჯღალოსნების“ ფორმა ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი.

საქართველოს ნაკრები თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

„ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ითამაშებენ. მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, ორის ნაცვლად, ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გავარდნა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.


საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:


I ტური

1 თებერვალი

16:00 საქართველო – შვეიცარია

II ტური

8 თებერვალი

15:00 საქართველო – ნიდერლანდები

III ტური

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

ნახევარფინალები

1-2 მარტი

ფინალები

15-16 მარტი

B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი მე-5-მე-8 ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ავსტრალიაში მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი ითამაშებს. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასზე ოთხი გუნდი მოხვდება (ტურნირის ნახევარფინალისტები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს ორ გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო შვიდჯერ ზედიზედ (2018-2024 წლები). ხუთჯერ ტურნირი რუმინეთმა, ხოლო ერთხელ პორტუგალიამ მოიგო.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა რგბის ევროპის ჩემპიონატისთის

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე, ლუკა გოგინავა, გიორგი მამაიაშვილი; ვანო კარკაძე, ლუკა პეტრიაშვილი, ირაკლი ქვათაძე; ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბაჩუკი ჭუმბაძე;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჯავახია, ლაშა ჯაიანი, თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე, ილია სპანდერაშვილი, ბექა შვანგირაძე;

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია; ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე;

ცენტრი: გიორგი შველიძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ხაინდრავა;

ფრთა: სანდრო თოდუა, შალვა აფციაური, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე;

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი.