რაგბი ევროპის ჩემპიონატი | რუმინეთთან ნახევარფინალური მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
2 მარტს, 15:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ავჭალის“ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა ამ შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ფინალის საგზურის გარდა, გუნდებს შორის, ტრადიციულად, „ანთიმოზ ივერიელის“ თასიც გათამაშდება, რომელსაც „ბორჯღალოსნები“ – 18-ჯერ, რუმინელები კი 6-ჯერ ფლობდნენ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთთან (62:32) გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმის შემდეგ გუნდს მგეზავი ლუკა მატკავა უბრუნდება, დავით ნინიაშვილმა კი მისთვის ჩვეულ, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. ცხრა ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს. ცენტრში თორნიკე კახოიძეს გიორგი შველიძე შეუწყვილდება, ხოლო ფრთებზე აკაკი ტაბუცაძე და სანდრო თოდუა ითამაშებენ.
დისკვალიფიკაციის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაშია ბექა გორგაძე, მესამე ხაზში ბრუნდება გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე.
რუმინეთთან მატჩი 50-ე იქნება „ბორჯღალოსნების“ საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძისთვის, რომლის ანგარიშზე 46 ლელოა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულშია – ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში კი ლეგენდარულ ირლანდიელს, ბრაიან ოდრისკოლს გაუტოლდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).