რაგბი ევროპის ჩემპიონატი | მერაბ შარიქაძე - ახალგაზრდა მოთამაშეებს თავისუფალი და კომფორტული გარემო აქვთ გასაზრდელად #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | მერაბ შარიქაძე - ახალგაზრდა მოთამაშეებს თავისუფალი და კომფორტული გარემო აქვთ გასაზრდელად #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რუსეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

„ბორჯღალოსანთა“ ქართველმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა მოთამაშეების შესახებ ისაუბრა.

„ახალგაზრდა ნაკრები გვყავს, მაგრამ გუნდი არის შეთამაშებული, ეს პროცესია ჩვენთვის. „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“, გარდა იმისა რომ ვგეგმავთ მოგებას, ვცდილობთ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოვცადოთ.“

მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, წინა თამაშში მაინც ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რაც სურდათ.

„რუსეთთან ბოლო თამაშში ვერ დავდეთ ის შედეგი, რომელიც გვინდოდა, თუმცა გავიმარჯვეთ. ვერ ვიტყვი იმას, რომ რუსეთთან მოგება ყოველთვის გვიადვილდებოდა, ეს ასე არ არის და ყოველთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. რაც შეეხება წინა თამაშს, ვფიქრობ, რომ ბევრჯერ დავჯარიმდით და თამაშის კონკრეტულ მონაკვეთებში ვერ შევძელით დომინირება, რისი გამოსწორებაც დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ შესაძლებელი იქნება.“

გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების გამოსვლის თემას საქართველოს ნაკრების კაპიტანიც შეეხო.

„ატმოსფერო ძალიან კარგია. ბიჭები ინტეგრირდნენ გუნდში და ძალიან კარგად გრძნობენ თავს. შეცდომების დაშვებაზე მათ საყვედურს არავინ ეუბნება, რადგან ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას შეცდომა და ვთვლი, რომ საკმაოდ თავისუფალი გარემო აქვთ გასაზრდელად. რაც შეეხება მათ თამაშს, ვფიქრობ რომ ისინი ახლაც საკმაოდ კარგად თამაშობენ, თუმცა, დიდი გამოცდილების შეძენა კიდევ სჭირდებათ და წლების შემდეგ ძალიან კარგი მოთამაშეები იქნებიან.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მესამე მატჩს, რუსეთი ნაკრების წინააღმდეგ, ხვალ, 20 მარტს 15:00 საათზე გამართავს.