რაგბი ევროპა | რუმინეთთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპა | რუმინეთთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

12 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს ესტუმრება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ლევან მაისაშვილი: „რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდა და დიდი იმედი გვაქვს, ისინი გაგვაძლიერებენ. სამწუხაროდ, ბოლო ტურში დაშავდა ბექა გორგაძე. სერიოზული დაზიანება არ აქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ესპანეთთან თამაშისთვის დაგვიბრუნდება.

– ძირითად შემადგენლობაშია ლუკა ივანიშვილი, რომელმაც სანდრო მამამთავრიშვილთან ერთად, „შავ ლომში“ ადგილი დაიმკვიდრა და კარგი სეზონი ჩაატარა. ორივე მათგანს ახალგაზრდული ასაკიდან ვაკვირდებით. რომ არა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის პორტუგალიასა და ნიდერლანდებთან ითამაშებდა. ახლა შანსს საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან მიიღებს. ვიცით, რომ წნეხი დიდი იქნება, თუმცა მან შეძლო მწვრთნელების ნდობის მოპოვება და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გაართმევს.

– ვიცით, რომ მარტივი გასეირნება არ გველოდება და ბრძოლისთვის ვართ განწყობილი. როგორც რუმინეთს, ასევე ესპანეთს, მსოფლიო თასზე გასვლის კარგი შანსი აქვთ და დიდი მონდომებით ითამაშებენ. მათ შეძლეს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება და კარგ ფორმაში არიან, თუმცა ჩვენთვის ეს საიუბილეო შეხვედრაა, რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოსაგები გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 25 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა).

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა),  18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).