რაგბი | ესპანეთთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება #1TVSPORT
რაგბი | ესპანეთთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდებთან (40:7) მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნებს“ ტრავმების გამო ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე დააკლდებიან, ხოლო ბექა გორგაძემ წითელი ბარათი მიიღო, დისკვილიფიცირებულია და შეკრება დროებით დატოვა. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა შეკრებაზე იოანე იაშაღაშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და იოანე მეტრეველ უხმო.

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება, იგი „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში 36-ე მორაგბეა, ვინც გუნდს თამაშზე კაპიტნის რანგში გაიყვანს.

ნინიაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 37 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 88 ქულაა – 11 ლელო, 12 გარდასახვა და 3 ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 110:0 დაამარცხა, ნიდერლანდებს 40:7 სძლია და მსოფლიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი B ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

ნახევარფინალური მატჩები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალი კი 16 მარტსაა ჩანიშნული.