რაგბი | ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებს იაშაღაშვილი, მეტრეველი და მამამთავრიშვილი დაემატნენ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს 16 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან გამართავს. ამ თამაშისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობას სამი მოთამაშე დაემატა – მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის გადაწყვეტილებით, შეკრებაზე გუნდს იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი შეუერთდნენ.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ნახევარფინალში პირველი ადგილით გავა და მასპინძლის უფლებით ისარგებლებს. მეორე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებისთვის პორტუგალია და რუმინეთი იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული სხვაობით 110:0 დაამარცხა, მეორე ტურში კი ნიდერლანდებს 40:7 სძლია და მსოფლიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლება ზედიზდ მეშვიდედ მოიპოვა.