რაგბი | ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ექვსი მორაგბე დაემატა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 21 თებერვალს, 15:00 საათზე თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან გამართავს. ამ შეხვედრის შედეგი ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელს გამოავლენს, რაც გუნდს ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებას მიანიჭებს.
თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში ექვს მორაგბეს უხმო – ესპანეთთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნებს“ დაუბრუნდნენ ის მოთამაშეები, რომლებაც შვეიცარიასთან პირველი ტურის მატჩშიც მიიღეს მონაწილეობა – გიორგი ახალაძე („კლერმონი“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“’), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“) და გიორგი ჯავახია („ტულონი“). მათ გარდა მწვრთნელებმა ნაკრებში დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“) და ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“) გამოიძახეს, ხოლო მეორეხაზელი თემურ წულუკიძე „ოიონას“ დაუბრუნდა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორივე გასვლითი მატჩი მოიგო – შვეიცარიასთან 54:3, ხოლო ნიდერლანდებთან – 61:12.
რაგბი ევროპის ნახევარფინალური შეხვედრები 7 და 8 მარტს გაიმართება, ფინალი კი 15 მარტს ესპანეთის ქალაქ ლეგანესში ჩატარდება.