რაგბი | დავით ნინიაშვილმა „ლა როშელში“ სადებიუტო ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

„ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ მიიღო და 34:16 დაამარცხა. მასპინძლეთა რიგებში ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა, რომელიც „ლა როშელში“ „ლიონიდან“  გადავიდა.

ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავი პირველივე მატჩში გამოჩინა – 77-ე წუთზე ლელო დადო. „ლა როშელის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე ქუნთელია ასევე სასტარტო თხუთმეტეულში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.

„კლერმონის“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ახალაძე, რომელსაც მე-11 წუთზე არბიტრმა ყვითელი ბარათი აჩვენა და 10 წუთით გააძევა, 47-ე წუთზე კი შეცვალეს.

სხვა გუნდებში ქართველ ლეგიონერებს შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენიათ.