რაგბი | დავით ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ჩემპიონთა თასზე [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბიში ევროთასების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე, C ჯგუფში დავით ნინიაშვილის „ლა როშელმა“ სტუმრად ირლანდიურ „ლენსტერთან“24:25 დათმო.
„ლა როშელი“ 24:22 იგებდა, მაგრამ ლენსტერელებმა ე.წ. გაწითლებულ დროში ჯარიმა გამოიყენეს, მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს, 13 ქულა დააგროვეს და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცეს.
დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. 28-ე წუთზე, როცა „ლა როშელი“ 0:12 აგებდა, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ლელო დადო და სხვაობა შეამცირა. ეს ჩემპიონთა თასის მიმდინარე ტურნირზე ნინიაშვილის სადებიუტო ლელოა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე 7 ლელოა (ექვსი TOP 14-ში, ერთი ჩემპიონთა თასზე).
„სტად ფრანსეში“ კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მელიქიძემ. ფრანგულმა კლუბმა ჩელენჯ თასის გათამაშებაში „ექსეტერს“ უმასპინძლა და 27:25 დაამარცხა.
მელიქიძე თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო და სამ წუთში ლელო დადო. ეს მელიქიძისთვის ამ სეზონში ჩელენჯ თასზე პირველი ლელოა.
„ექსეტერის“ სასტრატო შემადგენლობაში იყო ბაჩუკი ჭუმბაძე – ქართველი მორაგბე 53-ე წუთზე შეცვალეს.