რაგბი | დავით ნინიაშვილი – ვეცდებით, ჩილესთან მოვიგოთ და თამაშითაც ვისიამოვნოთ #1TVSPORT
საქართელოს მორაგებთა ერვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის მესამე მატჩს ქალაქ სანტიაგოში ჩილეს ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა მომავალ მატჩზე კომენტარი გააკეთა და განვლილი შეხვდრებიც შეაფასა, რომლებშიც საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და სამოა დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სამოასთან მატჩი ნინიაშვილისთვის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 50-ე თამაში იყო.
„საქართველოს ნაკრები ფორმით თამაში ყველასთვის ძალიან დიდი ოცნებაა. ეს ოცნება რამდენიმე წლის წინ ავიხდინე და დღეს, 23 წლის ასაკში, უკვე 50 თამაში მაქვს ჩატარებული ჩემი სამშობლოსთვის. ეს ძალიან დიდი სიხარულია და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ“.
ერთა თასზე
„მსოფლიო რაგბის ერთა თასი ძალიან საინტერესო ტურნირია. აქ ისეთი გუნდები თამაშობენ, რომლებიც სხვადასხვა სტილის რაგბის მიმდვერები არიან და ეს განვითარებაში გვეხმარება.
შეიძლება, ერთა თასს ბევრი მეორე დივიზიონის ტურნირად აღიქვამს, მაგრამ დაძაბული შეხვედრები გვაქვს, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როდესაც ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა მოგვეცემა, მზად ვიქნებით და მსოფლიო თასსაც კარგ კონდიციებში შევხვდებით.
ჩვენი მიზანი სამივე თამაშის მოგებაა. ურუგვაისთან ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. სამოასთან თამაშის უკეთესი ხარისხი გვქონდა და ვეცდებით, ჩილესთან კიდევ უფრო უკეთესი თამაშით მოვიგოთ. ეს ამ ზაფხულს ბოლო თამაშია და, გამარჯვებასთან ერთად, ვეცდებით, თამაშითაც ვისიამოვნოთ“.

ურუგვაისთან მატჩზე
„პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს და ასე იყო ურუგვაისთანაც. სამოასთან კი თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და, ჩემი აზრით, ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდთან ჩვენი თამაში ვაჩვენეთ როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. ურუვაისთან ბევრი შეცდომა გვქონდა, რისი დიდი ნაწილიც სამოასთან გამოვასწორეთ.
ურუგვაისთან ცენტრში ვითამაშე. ეს ჩემთვის უცხო პოზიცია არ იყო, რადგან 13 ნომერზე კლუბში ორჯერ მომიწია გამოსვლა. საერთოდ, მიყვარს პოზიციების ცვლა – ახალის ძიება, ახალის ცდა და ვფიქრობ, ყვითელი ბარათის მიუხედავად, თავი ნორმალურად წარმოვაჩინე. შეიძლება საუკეთესო შეხვედრა არ მქონდა, თუმცა ყოველთვის ღია ვარ ახალი გამოცდილების მისაღებად“.
ახალ მწვრთნელზე
„ნაკრებში ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ ქართული რაგბი არ შეცვლილა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენი ძლიერი მხარე შერკინებაა და ეს შევინარჩუნეთ, ამ სისტემაზე აეწყო ახალი მწვრთნელიც. მას თავისი ხედვა აქვს და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი“.