რაგბი | დავით ნინიაშვილი - „ლა როშელში“ ტიტულების მოგება მინდა #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილი - „ლა როშელში“ ტიტულების მოგება მინდა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული ელიტისთვის კარგად ნაცნობი დავით ნინიაშვილი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს – ოთხი წლის შემდეგ „ლიონს“ ემშვიდობება და „ლა როშელს“ უერთდება. 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ახალ გუნდში ოფიციალურად წარადგინეს. „ლა როშელის“ ვებგვერდმა ნინიაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„დავით ნინიაშვილი ნამდვილი დაუმუშავებელი ალმასია – ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეს საქართველოს ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული. მან საფრანგეთის ჩემპიონატში ოთხი სეზონი „ლიონში“ გაატარა, სადაც 73 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მოპოვებული აქვს ჩელენჯ თასის ტიტული“.

ახალი თავგადასავალი

„როცა უცხოური კარიერა დავიწყე, სწორედ „ლიონმა“ მომცა შესაძლებლობა, საფრანგეთში მეთამაშა, სადაც ოთხი სეზონი გავატარე და შემდეგ გადავწყვიტე, „ლა როშელში“ გადავსულიყავი. ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც ტიტულების მოგების ამბიცია აქვს – იქნება ეს საფრანგეთის ტოპ-14, თუ ჩემპიონთა თასი. როცა „ლიონთან“ ერთად ჩელენჯ თასი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტიტული ჩემს კარიერაში. ახლა ვცდი, ახალ კლუბშიც იგივე მოვახერხო“.

მოთამაშე, რომელიც ბოლომდე იხარჯება

„ყველა პოზიციაზე მიყვარს თამაში – მთავარია, გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო, მნიშვნელობა არ აქვს, სად ვითამაშებ. მინდა, ბურთის აღება, სისწრაფის განვითარება. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი დამავალებს და სადაც გუნდს დავჭირდები“.

ახალ გუნდში ადაპტაცია

„ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობდი. ამას გარდა ნიკოლოზ სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია დამეხმარნენ – ქალაქი დამათვალიერებინეს და კლუბის მუშაობის პრინციპები ამიხსნეს, ეს ძალიან დამეხმარა“.

მიზანი? ტიტულების მოგება

„პირველ რიგში, მინდა, „ლა როშელში“ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო. ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, აქ ტიტულების მოგება მინდა“.

„ლა როშელის“ ქომაგები

„როცა შარშან „ლა როშელთან“ ვითამაშე, სტადიონი ბოლომდე გაივსო და ეს ულამაზესი იყო. მიყვარს, როცა ქომაგები გუნდის გვერდით დგანან, ეს ენერგიას გვმატებს“.