რაგბი | დავით ნინიაშვილი და გურამ პაპიძე საფრანგეთის TOP 14-ის მაისის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
ფრანგულმა სარაგბო ჟურნალმა, „მიდი ოლიმპიკმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის (TOP 14) მაისის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ქართველია – რჩეულთა შორის დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“) და გურამ პაპიძე („პო“) მოხვდნენ.
„ლა როშელმა“ მაისში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო – დაამარცხა „მონტობანი“, „ტულუზი“ და „რასინგი“, ნინიაშვილმა სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, „რასინგთან“ კი ერთი ჯარიმაც გაიტანა.
„ლა როშელი“ TOP 14-ის პლეიოფის საგზურისთვის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „სტად ფრანსეს“ დაუპირისპირდება.
ასევე სამი მატჩი ჩაატარა მაისში „პომაც“, რომელთაგან ორი მოიგო და ერთი წააგო. პაპიძემ სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, „პო“ კი ისტორიაში პირველად TOP 14-ის პლეიოფში გავიდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.