რაგბი | ჩემპიონთა თასის მატჩებს ოთხი ქართველი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
რაგბი | ჩემპიონთა თასის მატჩებს ოთხი ქართველი არბიტრი განსჯის #1TVSPORT

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმაღლესი დონის ტურნირის, ჩემპიონთა თასის მატჩებს, პირველად ქართული და ევროპული რაგბის ისტორიაში, ოთხი ქართველი არბიტრი განსჯის.

6 დეკემბერს ფრანგული „ბაიონი“ სამხრეთაფრიკულ „შტორმერსს“ მასპინძლობს. მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე დაეხმარებიან, ვიდეორეფერის დამხმარე კი იოსებ ჯაფარიძე იქნება.

14 დეკემბერს ფრანგული „ტულონი“ ინგლისურ „ბათს“ მასპინძლობს – ამ მატჩზეც იგივე მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ „ტულონისა“ და „ბათსის“ თამაში მეორე ტურის ცენტრალურ მატჩადაა მიჩნეული.

რაგბიში ჩემპიონთა თასის გათამაშება 1995 წლიდან ტარდება. 2021 წლის 12 დეკემბერს ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი არბიტრი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე იმსაჯა და შემდეგაც არაერთხელ მოუწია ამ რანგის მატჩების განსჯა. მოგვიანებით მას საბა აბულაშვილი შეუერთდა, ახლა კი ტურნირზე ოთხი ქართველი არბიტრია მიწვეული.