რაგბი | „ჩელენჯ თასზე“ „გლოსტერთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | „ჩელენჯ თასზე“ „გლოსტერთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა „ჩელენჯ თასზე“ ინგლისურ „გლოსტერთან“ სადებიუტო შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩში 9 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

„შავი ლომი“ მეტოქეს თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ხვდება. გასულ შაბათს სუპერთასზე ესპანურ „იბერიანსთან“ გამარჯვების (41:0) შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გამთამაშებლად ბრუნდება თენგიზ პერანიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება, გიორგი მარგალიტაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე დადგებიან, რომელიც „გლოსტერის“ ღირსებას 2,5-წლის განმავლობაში იცავდა, ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდა და ახლა „შავი ლომის“ შემადგენლოაბში ყოფილ გუნდს შეუტევს.

ფრთებზე გამოცდილი მორაგბეები – სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე ითამაშებენ, ფულბეკი ახალგაზრდა ლუკა ცირეკიძე იქნება.

ცნობისათვის: აკა ტაბუცაძე „შავი ლომის“ საუკეთესო მელელოვეა – მან მეტოქეები 20-ჯერ დაალელოვა, საუკეთესო მექულე კი ლუკა მატკავაა, რომელმაც გუნდს, ჯამში, 200 ქულა შესძინა.

მარქაფაში სანაკრებო გამოცდილების კიდევ ორი მოთამაშეა – თორნიკე კახოიძე და მირიან მოდებაძე, რომელიც მსოფლიო თასზე მიღებული სახის ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს და მოედანზე სპეციალური დამცავი ნიღბით გავა.

ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზში. ბურჯმა ნიკა ხატიაშვილმა მცირე ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მარქაფიდან დავით აბდუშელიშვილი დაწინაურდა. ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მარჯვენა ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი.

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან. მარქაფიდან ჩაერთვება თამაშში დემურ ეფრემიძე.

მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს მესამე ხაზის სამეული – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ივანიშვილი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც „შავი ლომის“ დაარსებიდან დღემდე ყველა თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.