რაგბი | ბრონკანმა ერთა თასზე სამოასთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

23:33, 09.07.2026

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში ურუგვაი 41:34 დაამარცხა, რის შემდეგაც „ბორჯღალოსნებმა“ ჩილეში გადაინაცვლეს, სადაც 11 ივლისს, 23:00 საათზე ვინა დელ მარიში, „ესტადიო საუსალიტოზე“ მეორე მატჩს სამოასთან გამართავენ.

მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე დადგება, ხოლო მეორე ცენტრი – გიორგი კვესელაძე ფრთაზე გადაინაცვლებს. მათ ნაცვლად ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე ითამაშებენ – კახოიძე მარქაფიდან დაწინაურდა, შველიძეს კი მონტევიდეოში არ უთამაშია.

დავით ნინიაშვილი სამოასთან 50-ე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს, ხოლო 29 წლის ვასილ ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მე-4 ადგილზეა, 106-ე კეპს მოიხვეჭს. შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ვასილ ლობჟანიძემ, ლუკა მატკავამ და აკაკი ტაბუცაძემ.

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც: თამაშს იწყებს ინგლისის ვიცე-ჩემპიონი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელიც ერთი კვირის წინ სათადარიგო იყო, ასევე სასტარტოშია მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.

ერთი კვირის წინ ერთა თასის პირველი შეხვედრა გამართა სამოის ნაკრებმაც, რომელმაც ჩილეში ჰონკონგს 10 ლელო დაუდო, 66:19 სძლია და ბონუსქულაც მოიპოვა.

საქართველოს შემადგენლობა სამოასთან:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

მსგავსი