რაგბი | ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიო თასის პირველი ფინალისტია - არგენტინა მესამე ადგილისთვის ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრებმა არგენტინა 44:6 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა, არგენტინის ნაკრები კი 27 ოქტომბერს „ბრინჯაოს ფინალში“ ითამაშებს.

წყვილში ფავორიტად ახალი ზელანდიის ნაკრები მიიჩნეოდა და მან ეს სტატუსი სრულიად გაამართალა. ზელანდიელები პირველი ტაიმის დასაწყისში, დაახლოებით ექვსი წუთის განმავლობაში იყვნენ მდევრის როლში, როდესაც არგენტინელებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს.

ამის შემდეგ ზელანდიელებმა უპირატესობა მოიპოვეს, ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც სამხრეთამერიკელებმა კიდევ ერთი ჯარიმით უპასუხეს. მატჩის პირველი ნახევარი ახალმა ზელანდიამ 20:6 მოიგო.

„ოლ ბლექსის“ უპირატესობით წარიმართა მეორე ტაიმიც, რომელიც ვილ ჯორდანის ლელოთი გაიხსნა. ჯორდანმა ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა, სულ კი მსოფლიო თასზე მერვე ლელო დადო და მიმდინარე ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა.

ჯორდანი მეოთხე მორაგბეა, ვინც ერთ მსოფლიო თასზე რვა ლელოს დადება მოახერხა. მანამდე ამის გაკეთება ჯონა ლომუმ (ახალი ზელანდია, 1999 წლის მსოფლიო თასზე), ბრაიან ჰაბანამ (სამხრეთ აფრიკა, 2007) და ჯულიან სავეამ (ახალი ზელანდია, 2015) მოახერხეს.

„ოლ ბლექსის“ მეტოქე 21 ოქტომბერს, მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელშიც გასული მსოფლიო თასის ფინალისტები, ინგლისისა და სამხრეთ აფრიკას ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


არგენტინა – ახალი ზელანდია 6:44


ლელო: – ვილ ჯორდანი (3), ჯორდი ბარეტი, შენონ ფრიზელი (2), აარონ სმიტი.

გარდასახვა: – რიჩი მოუნგა (3).

ჯარიმა: ემელიანო ბოფელი (2) – რიჩი მოუნგა.