რაგბი | აბდალაძის და ფხაკაძის ლელოები საფრანგეთის მეორე დივიზიონში, ჯავახიას დებიუტი TOP 14-ში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მატჩებს არც ამჯერად ჩაუვლიათ ქართველი მორაგბეების წარმატებული თამაშის გარეშე.
„ბრივმა“ „მონ დე მარსანს“ უმასპინძლა და 68:10 დაამარცხა, რაშიც ერთი ლელოთი თავისი წვლილი „ბრივის“ ქართველმა ლეგიონერმა, ვახტანგ აბდალაძემაც შეიტანა, რომელმაც 30-ე წუთზე გამოიჩინა თავი და მიმდინარე სეზონში პირველი ლელო მიითვალა.
მიმდინარე სეზონში ასევე პირველი ლელო დადო „ნევერში“ მოთამაშე ლაშა ფხაკაძემ, მისმა გუნდმა კი „ვანი“ 22:13 დაამარცხა.
ერთი მატჩი გაიმართა საფრანგეთის მთავარ დივიზიონში (TOP 14) – „ტულონმა“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 39:14 მოუგო. „ტულონის“ შემადგენლობაში გიორგი ჯავახიას დებიუტი შედგა, რომელიც ახალ გუნდში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. „ლა როშელში“ ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია შეცვლაზე შევიდნენ.