რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მატჩების თარიღები ცნობილია #1TVSPORT
29 ივნისს იტალიაში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო რაგბის 2025 წლის ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირს ოთხი ქალაქი – კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა უმასპინძლებენ. ტურნირი 19 ივლისამდე გაგრძელდება.
ტურნირზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მეტოქეები ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.
A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიასთან გამართავს, 4 ივლისს ვიადანაში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, 9 ივლისს კი კალვიზანოში იტალიას შეხვდება.
ნახევარფინალური თამაშები 14 ივლისს გაიმართება, ფინალი კი – 19 ივლისს.
საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში აქამდე ექვსჯერ ითამაშა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა, როდესაც მე-8 ადგილი დაიკავა. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ორჯერ (2018 და 2024) მე-9 პოზიციაზე გავიდნენ, სამჯერ კი მე-10 ადგილს დასჯერდნენ.