რაგბი | 18-წლამდელთა შორის ექვსი ერის ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დასახელდა #1TVSPORT
რაგბი | 18-წლამდელთა შორის ექვსი ერის ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დასახელდა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ფესტივალს 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქი პარმა უმასპინძლებს. მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 3 აპრილს საფრანგეთს ეთამაშებიან, 7 აპრილს კი – ინგლისს.

მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ამონაშვილის რჩეულთა შორის 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. მათ შორის ხუთი ლეგიონერია – ოთხი ფრანგული კლუბებიდან და ერთი ინგლისური „იფსვიჩიდან“.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი მორაგბეების განვითარებას ემსახურება და განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე, მინიმუმ ერთ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ასევე  ულიმიტო იქნება შეცვლები და თამაშიდან გამოსულ მორაგბეს მოედანზე დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლება.

ზურაბ ამონაშვილი: „ექვსი ერის ფესტივალისთვის მოსამზადებელი შეკრება დავასრულეთ და 26 მოთამაშე შევარჩიეთ. მოსამზადებლად სულ 18 სავარჯიშო დღე გვქონდა და ვეცადეთ, მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოგვეყენებინა. ამ პერიოდში ყველაფერი ვერ მოესწრებოდა და გასათვალისწინებელი იყო რიგი  ფაქტორები. შეკრების მსვლელობისას ლავიწის ძვალი მოიტეხა და დაგვაკლდა ერთი მოთამაშე, სხვა მხრივ კი პროცესი კარგად წარიმართა.

გვინდა, რომ დაბალანსებული რაგბი ვითამაშოთ. მთლიანობაში, ეს ფესტივალი ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებას ემსახურება. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვიმუშაოთ მოცემულობაზე, რომელიც ამ ბიჭებს მერე 20-წლამდელთა ნაკრებში ექნებათ. ეს სპეციფიკური ასაკია, მოთამაშეთა უმეტესობა პირველად გადის ქვეყნის გარეთ, გაეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას და განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, აქ მიღებული გამოცდილება კი სამომავლოდ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოადგებათ“.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე:

შერკინება: არჩილ ნოზაძე („ყოჩები“), დავით არჩვაძე („ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი („ლოკომოტივი“), გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“, ინგლისი), დავით ბარამია („ლელო“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („კლერმონი“, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე („აია“), გიორგი მეფარიშვილი („აია“), მიხეილ შიოშვილი („ლელო“), ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია („აია“), გიორგი არძენაძე („ჩაქვი“);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი („აია“), დავით წიკლაური („ხვამლი“), გიგი სირბილაძე („ლელო“), ლუკა თვაური („ხვამლი“), იკა კვარაცხელია („ლელო“), დავით ბარბაქაძე („არმია“), იოანე ბასილაია („ლელო“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), გიგა ყიფშიძე („ხვამლი“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), საბა შარვაშიძე („აია“).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

 

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მატჩების განრიგი:

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია