ესპანური გაზეთი Marca-ს ინფორმაციით, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ამ კვირას გააუქმა საწვრთნელი შეკრება, რომელიც მალიორკაზე უნდა ჩაეტარებინა პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან ერთად.
„ის არ აღმოჩნდა მზად ვარჯიშისთვის. დამირეკა და მითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს”, – მოჰყავს გაზეთს სოუზას სიტყვები.
ასევე იტყობინებიან, რომ ორშაბათს, ნადალი ბარსელონაში გაემგზავრა მუხლებთან დაკავშირებით კონსულტაციის გამო. როგორც იცით, სწორედ მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო, რაფამ 2017 წლის ბოლო ორი ტურნირი გამოტოვა.
პრობლემები აქვს ბრიტანელ ენდი მარეისაც. როგორც The Times წერს, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შესაძლოა, ვერ მოასწროს აღდგენა 2018 წლის სეზონის სტარტისთვის. 30 წლის მარეის დაგეგმილი აქვს ბრისბენის ტურნირში მონაწილეობა, რომელიც პირველ იანვარს დაიწყება.
იტყობინებიან, რომ მარეის საწვრთნელი შეკრება მაიამიში ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემების გამო გართულდა. ენდი ლონდონში დაგეგმილზე უფრო ადრე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ მარეიმ გასული სეზონი სექტემბერში დაასრულა ტრავმის გამო.