ტორონტოს „მასტერსზე“ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა შეაჩერა 20 წლის ბერძენი სენსაციის სტეფანოს ციციპასის სვლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე ტურნირი მოიგო.
ფინალში ნადალი ძალიან იოლად ამარცხებდა ბერძენს, რომელმაც, მანამდე, ზედიზედ მოუგო TOP10-ის ოთხ წარმომადგენელს, მათ შორის, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ესპანელი საკუთარ მოწოდებაზე – პირველ რვა თავის გეიმში მან მხოლოდ 3 (!) ქულა წააგო, ხოლო პირველ მოწოდებაზე 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – 19-დან 19 მოგებული ქულა.
პარალელურად, ნადალმა სამი ბრეიკიც გააკეთა და 6:2, 5:4 დაწინაურდა. და სწორედ მაშინ, როცა რაფა მატჩზე აწვდიდა, პირველად შეექმნა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე – ჯერ ერთი თავისი გეიმი წააგო, 5:6-ზე კი ციციპასმა სეტბოლი მოიპოვა. ნადალმა მოახერხა ამ საფრთხის მოგერიება და არ მისცა მეტოქეს სეტებში ანგარიშის გათანაბრების საშუალება, ტაი-ბრეიკზე კი ესპანელი ძალიან დამაჯერებელი იყო – 6:2, 7:6(4). ფინალი საათი და 43 წუთი მიმდინარეობდა.
ნადალმა მეოთხედ ითამაშა კანადური „მასტერსის“ ფინალში და მეოთხედ მოიგო. ესპანელს არც ერთ საჰარდო ტურნირზე არ აქვს მოგებული ამდენი ტიტული.
რაფასთვის ეს იყო 33-ე მოგება „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე და ამ მხრივ, ის აბსოლუტური რეკორდსმენია (მეორე ადგილზე მყოფ ჯოკოვიჩს 30 ტიტული აქვს, როჯერ ფედერერს – 27).
და კიდევ, ATP-ს ტურში ნადალმა მე-80 ტიტული მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ სამ მოთამაშეს გაუკეთებია – ჯიმი კონორსს, როჯერ ფედერერსა და ივან ლენდლს.