რაფაელ ნადალმა ტორონტოს „მასტერსი“ მოიგო
რაფაელ ნადალმა ტორონტოს „მასტერსი“ მოიგო

ტორონტოს „​მასტერსზე“ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა შეაჩერა 20 წლის ბერძენი სენსაციის სტეფანოს ციციპასის სვლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე ტურნირი მოიგო.

ფინალში ნადალი ძალიან იოლად ამარცხებდა ბერძენს, რომელმაც, მანამდე, ზედიზედ მოუგო TOP10-ის ოთხ წარმომადგენელს, მათ შორის, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ესპანელი საკუთარ მოწოდებაზე – პირველ რვა თავის გეიმში მან მხოლოდ 3 (!) ქულა წააგო, ხოლო პირველ მოწოდებაზე 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – 19-დან 19 მოგებული ქულა.

პარალელურად, ნადალმა სამი ბრეიკიც გააკეთა და 6:2, 5:4 დაწინაურდა. და სწორედ მაშინ, როცა რაფა მატჩზე აწვდიდა, პირველად შეექმნა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე – ჯერ ერთი თავისი გეიმი წააგო, 5:6-ზე კი ციციპასმა სეტბოლი მოიპოვა. ნადალმა მოახერხა ამ საფრთხის მოგერიება და არ მისცა მეტოქეს სეტებში ანგარიშის გათანაბრების საშუალება, ტაი-ბრეიკზე კი ესპანელი ძალიან დამაჯერებელი იყო – 6:2, 7:6(4). ფინალი საათი და 43 წუთი მიმდინარეობდა.

ნადალმა მეოთხედ ითამაშა კანადური „მასტერსის“ ფინალში და მეოთხედ მოიგო. ესპანელს არც ერთ საჰარდო ტურნირზე არ აქვს მოგებული ამდენი ტიტული.

რაფასთვის ეს იყო 33-ე მოგება „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე და ამ მხრივ, ის აბსოლუტური რეკორდსმენია (მეორე ადგილზე მყოფ ჯოკოვიჩს 30 ტიტული აქვს, როჯერ ფედერერს – 27).
და კიდევ, ATP-ს ტურში ნადალმა მე-80 ტიტული მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ სამ მოთამაშეს გაუკეთებია – ჯიმი კონორსს, როჯერ ფედერერსა და ივან ლენდლს.

დატოვე კომენტარი