მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ აპირებს როლან გაროსში მონაწილეობას მიღებას, რომელიც სექტემბრის მიწურულს დაიწყება.
„მჯერა, რომ როლან გაროსი გაიმართება. ვფიქრობ ამაზე და ვემზადები ტურნირისთვის, თუმცა მოვლენების განვითარებასაც უნდა დავაკვირდე. ბოლო რამდენიმე კვირაა იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია უარესდება. მე მონაწილეობას მივიღებ ამ ტურნირში, თუ პირობები ამის საშუალებას მომცემს”, – დაწერა ნადალმა საკუთარ „ტვიტერში”.
ამასთან, ესპანელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, ითამაშებს თუ არა რომის „მასტერსში”, რომელიც წინ უძღვის როლან გაროსს.
„არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა რომში. უნდა დაველოდო განრიგში ცვლილებებს, რომელიც მადრიდის “მასტერსის” გაუქმების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვემზადები გრუნტის სეზონისთვის”, – აცხადებს „დიდი სლემის” ტურნირების 19-გზის ჩემპიონი.
ცნობილია, რომ 34 წლის ნადალი არ ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობაზე, რომლის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.
როლან გაროსი 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.