რაფაელ ნადალმა სეზონში პირველი მატჩი წააგო, ტეილორ ფრიტცი ინდიან უელსის „მასტერსის“ ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ესპანელმა რაფაელ ნადალმა წააგო ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალი, რითაც შეწყდა მისი 20-მატჩიანი მოგებების სერია. 2022 წლის სეზონში ნადალის პირველად დამარცხება შეძლო ამერიკელმა ტეილორ ფრიტცმა, რომელმაც ორ საათსა და ხუთ წუთში 6:3, 7:6(5) მოიგო.
ამჯერად, ნადალმა ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველ ბურთზე ქულების მხოლოდ 56 პროცენტი აიღო, მეორეზე – 54. მან ცხრა ბრეიკპოინტის შანსი მისცა ფრიტცს და ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ესპანელს უფრო მეტი ბრეიკპოინტი (10) ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ორის გამოყენება შეძლო.
რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, პირველ სეტში ფრიტცს სრული უპირატესობა ჰქონდა. პირველ სეტში ის ორმაგი ბრეიკით 4:0 დაწინაურდა. ნადალმა შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ პარტიის ბოლოს მესამედ დათმო საკუთარი მოწოდება.
მეორე სეტში ნადალმა პირველმა შეასრულა ბრეიკი, მაგრამ ფრიტცმა მომდევნო გეიმში გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ, ესპანელმა რამდენიმე დაფარული სეტბოლი ვერ გამოიყენა, ერთი მატჩბოლი გაუშვა ხელიდან ამერიკელმა და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის თამაში, რომელშიც ნადალი მინიბრეიკით 5:4-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ სამი ქულა და მასთან ერთად მატჩიც დათმო.
ფრიტცი პირველი ამერიკელი გახდა ანდრე აგასის შემდეგ (2001 წელი), ვინც ინდიან უელსის „მასტერსის“ მოგება შეძლო. ახალ რეიტინგში ამერიკელი მე-13 ნომერი იქნება, ნადალი კი მესამე ადგილზე გადავა.