პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შემაჯამებელი ტურნირის მეორე ჯგუფში მეორე ლიდერი გახდა მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი. ესპანელმა ჩოგბურთელმა რუსი ანდრეი რუბლიოვი ძალიან იოლად – 6:3, 6:4 დაამარცხა. ამისთვის მას მხოლოდ საათი და 18 წუთი დასჭირდა.
რუბლიოვი ამ სეზონის ლიდერია ტიტულებისა (5) და მოგებების (40) რაოდენობით, მაგრამ ის უშანსოდ იყო ნადალის წინააღმდეგ. ესპანელი განსაკურთებით ეფექტური იყო საკუთარ გეიმებში – პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი გათამაშება დათმო, მეორეზე – ხუთი და მეტოქე ერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა. მეტოქის მოწოდებაზე კი ნადალს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი გამოიყენა.
საინტერესოა, რომ ნადალმა ზედიზედ 70-ე მატჩი მოიგო, როცა მან პირველი სეტის აღება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი არასოდეს მოუგია. ის აქ 2010 და 2013 წლებში ყოფილა ფინალში, მოგება-წაგების შეფარდება კი არც ისე სახარბიელო აქვს – 17:14.
მეორე ტურში ესპანელი ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც ჯგუფში თავის პირველ მატჩში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.