რაფაელ ნადალი ცინცინატის „მასტერსს“ პირველივე მატჩში გამოეთიშა # 1TVSPORT
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პირველივე მატჩი წააგო ცინცინატის „მასტერსზე“ და დაკარგა რეიტინგში პირველობის მოპოვების შანსი. ესპანელი ორი საათი და 53 წუთი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა ხორვატ ბორნა ჩორიჩთან – 6:7(9), 6:4, 3:6.
ნადალისთვის ეს იყო პირველი მატჩი უიმბლდონის ნახევარფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ. ესპანელმა შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და პირველ შვიდ გეიმში უნებლიე შეცდომაც კი არ დაუშვია. ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ჯერ ნადალს ჰქონდა ორი სეტბოლი, შემდეგ კი ჩორიჩს, მაგრამ მეტოქეებმა შანსი ვერ გამოიყენეს. უფრო იღბლიანი ხორვატი გამოდგა, რომელმაც მესამე ცდაზე შეძლო გადამწყვეტი ქულის აღება.
მეორე სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი ნადალს ჰქონდა მეშვიდე გეიმში და შანსი ხელიდან არ გაუშვა, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში იგივე სცენარი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთადერთი ბრეიკპოინტის შანსი ჩორიჩმა მიიღო და შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ხორვატმა ესპანელი უშანსოდ დატოვა თავის გეიმებში – ნადალმა ბოლო სეტში მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულა აიღო.
ასე რომ, რაფამ დაკარგა რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი. ამისთვის მას ტურნირის მოგება სჭირდებოდა, გარდა ამისა, რუსი დანიილ მედვედევი ვერ უნდა გასულიყო ნახევარფინალში.