რადოსლავ სიკორსკი ვიქტორ ორბანს პასუხობს და აცხადებს, რომ ორბანმა, არაგულწრფელი სოლიდარობის ნაცვლად, რუსეთის ხელშეწყობას წერტილი უნდა დაუსვას
რადოსლავ სიკორსკი ვიქტორ ორბანს პასუხობს და აცხადებს, რომ ორბანმა, არაგულწრფელი სოლიდარობის ნაცვლად, რუსეთის ხელშეწყობას წერტილი უნდა დაუსვას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ორბანმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ოფიციალურად დაგმო.

რადოსლავ სიკორსკიმ ვიქტორ ორბანს სოციალური ქსელით მიმართა და ურჩია, არაგულწრფელი სოლიდარობის ნაცვლად, რუსეთის ხელშეწყობას წერტილი დაუსვას.

„არა, ვიქტორ. ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ რუსული აგრესია უნდა დაგმო. გთხოვთ, განბლოკოთ ევროკავშირის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები, აგრესორის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაამტკიცოთ და მოხსნათ ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მიუღებელი უწოდა.