რადოსლავ სიკორსკი – საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული მოვლენები სასიამოვნო არ იყო, პოლონეთს კვლავ პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა მართავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ გასულ ღამეს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენები სასიამოვნო არ იყო, თუმცა არსებობდა მოვლენების უფრო ცუდად განვითრების შესაძლებლობაც.
მისივე თქმით, პოლონეთს კვლავ მართავს პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა.
„ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალში წუხელ ღამით განვითარებული მოვლენები ელეგანტური არ იყო, თუმცა ალტერნატივა პოლონეთის არაკონსტიტუციურ საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნის აღიარება იქნებოდა. პოლონეთს კვლავ პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა მართავს“, – წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.
ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.