რადოსლავ სიკორსკი: რუსეთმა, ნატო-ს გამოსაცდელად, შესაძლოა, „ყალბი დროშის“* ოპერაცია ჩაატაროს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთმა, ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის საბაბის შესაქმნელად, შესაძლოა, საკუთარ ტერიტორიაზე „ყალბი დროშის“ ოპერაცია მოაწყოს.
25 ივნისს, ამერიკულ მაუწყებელ CBS News-თან საუბრისას, რადოსლავ სიკორსკი ჰკითხეს, თუ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს მე-5 მუხლის (ურთიერთთავდაცვის პუნქტი) შესამოწმებლად.
“არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოაწყონ რაიმე სახის ფსევდოტერორისტული აქტი, რათა მიიღონ საბაბი, დაარტყან ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას”, – თქვა მან.
„არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა ჩაატარონ ერთგვარი „ყალბი დროშის“ ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, რათა ჰქონდეთ საბაბი ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე დარტყმის განსახორციელებლად“, – განაცხადა სიკორსკიმ.
„ჩვენ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს მკაფიოდ უნდა ვაუწყოთ – ვიცით, რასაც გეგმავს, ამ სრულიად მიუღებელ ფანდს არ წამოვეგებით და ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ“, – დასძინა მან.
სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგობამ რუსეთს ამ ეტაპზე გამოაცალა ის რესურსები, რომლებიც მას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე წარმატებული შეჭრისთვის დასჭირდებოდა.
„უკრაინამ შავ ზღვაზე ნამდვილად მოიპოვა გამარჯვება“, – თქვა მან და იქვე შენიშნა, რომ ახლა მოსკოვს ჰაერში უპირატესობა აღარ გააჩნია – მას შეუძლია რაკეტებისა და დრონების გაშვება, მაგრამ უკრაინის საჰაერო სივრცეში თავისუფლად ვეღარ მოქმედებს.
მისი განცხადებით, სახმელეთო ომი ჩიხშია შესული, დონბასსა და ყირიმს შორის არსებულ სტრატეგიულ მარშრუტს კი კიევი საარტილერიო ცეცხლით აკონტროლებს. „ომები არასოდეს მიმდინარეობს სწორხაზოვნად, – შენიშნა სიკორსკიმ, – ისინი ფაზებად იყოფა. ის ფაზა, როდესაც ინიციატივას რუსეთი ფლობდა, როგორც ჩანს, დასრულებულია“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ სჯერა, თითქოს, მოსკოვს ამჟამად პოლონეთზე თავდასხმის ძალა შესწევს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მისი ქვეყანა ამისთვის მაინც ემზადება, რის მაგალითადაც მოიყვანა ახალი კანონების მიღება, რომლებითაც მარტივდება თავშესაფრების მშენებლობა, აგრეთვე პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის არმიის გაძლიერება, „პოლონელებიც ისეთივე გამძლეები იყვნენ, როგორებიც დღეს უკრაინელები არიან“.
უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა, სიკორსკი პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში ბოლო დროს გაჩენილ დაძაბულობასაც შეეხო. ეს დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კიევმა ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს, „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ (UPA) პატივსაცემად, მისი სახელი უწოდა.
UPA მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფორმირებაა, რომელმაც უკრაინაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინა თავი, თუმცა პოლონეთში მას 1943-1945 წლებში მშვიდობიანი, ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე პასუხისმგებლადაც მიიჩნევენ.
„აქ საუბარი იმაზე კი არ მიდის, რომ ადამიანები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, – თქვა მან, – არამედ საქმე იმას ეხება, რომ ცუდი წარსული აღარ განმეორდეს და უკეთესი საერთო მომავალი ვიპოვოთ“.
მისივე თქმით, ორმა ქვეყანამ (პოლონეთმა და უკრაინამ – რედ.) პუტინს „ერთმანეთს შორის უთანხმოებებით სარგებლობის“ საშუალება არ უნდა მისცეს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებზე საუბრისას, სიკორსკიმ თქვა, რომ მისი აზრით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ პირისპირ, მესამე მხარის შუამავლობის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკებები, და ხაზი გაუსვა, რომ მხარეებს ამის გამოცდილება უკვე გააჩნიათ – მოსკოვი და კიევი პირისპირ შეხვედრებზე იხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა.
„ჩვენ, ევროპელები, ამ ორ მხარეს შორის ნეიტრალურები არ ვართ, – განუცხადა სიკორსკიმ CBS News-ს, – ჩვენ აგრესიის მსხვერპლის მხარეს ვართ. აგრესორი კი რუსეთია“.
მან ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები კვლავ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა „არა იმ მოცულობით, როგორც ადრე“. მისი აზრით, თუ პუტინი მართლაც მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელსაც კიევი სთავაზობს, ან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, მაშინ მან „ზელენსკის ნომერი უნდა მოძებნოს“ და დაუკავშირდეს.
* „ყალბი დროშის (false-flag) ოპერაცია არის ქმედება, რომლის დროსაც სახელმწიფო, ორგანიზაცია ან სხვა ჯგუფი თავად ახორციელებს თავდასხმას, დივერსიას ან სხვა პროვოკაციას, მაგრამ ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს სხვა მხარემ ჩაიდინა.
სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)
ფოტოს ავტორი: რალფ ჰირშბერგერი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 26 ივნისი 2026, 13:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)