რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთში დისლოცირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთი უნდა შეაკავონ
რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთში დისლოცირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთი უნდა შეაკავონ

პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის თქმით, პოლონეთში დისლოცირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთი უნდა შეაკავონ. ეს განცხადება რადოსლავ სიკორსკიმ გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ მოსკოვი და ვაშინგტონი ჯერ კიდევ პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების დროს საუბრობდნენ.

პოლონელი დიპლომატის განცხადებით, თუ რუსეთს შეუძლია, ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება დატოვოს, მაშინ მოსკოვში არ უნდა გაუკვირდეთ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია NATO-საც.

სიკორისკიმ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის ახალ ბიუჯეტს, სადაც 10 მილიარდი ევრო თავდაცვაზეა გამოყოფილი. პოლონეთის საგარეო უწყების ყოფილი მეთაურის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მისი სტატუსის შესაბამისი თავდაცვითი პოლიტიკა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განთავსების შესაძლებლობა გუშინ ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილა. ტრამპის თქმით, აშშ პოლონეთის ამ წინადადებას განიხილავს.