რადოსლავ სიკორსკი – მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით, როდესაც მეზობელ ქვეყანას ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს

11:40, 23.09.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.

მხარეებმა საზღვარზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სიკორსკის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, რომ ბელარუსი საკუთარი ტერიტორიიდან დრონების გაშვების საშუალებას იძლევა.

„ეს პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, თუმცა შეხვედრები სხვა სამინისტროებსა და სხვა დონეებზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელ ქვეყანას ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია,ვინც შეთანხმებას აღწევს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი დონის ურთიერთობები, სავარაუდოდ, 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„ახლა საზღვარზე უფრო ნორმალიზებული სიტუაცია გვაქვს, ვიდრე წარსულში. რა თქმა უნდა, ეს იმით არის განპირობებული, რომ სხვადასხვა მთავრობებმა ინვესტიცია ჩადეს ეფექტური სასაზღვრო ღობის მოწყობაში, მაგრამ ჩვენ ასევე უზრუნველვყავით პოლიტიკური პატიმრების, კერძოდ, ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ პოლონეთის მთავრობა ლუკაშენკოს რეჟიმს აღიარებდა, სიკორსკიმ განაცხადა: „როგორც სახელმწიფო, ჩვენ ვაღიარებთ სხვა სახელმწიფოებს და არა მთავრობებს“.

მსგავსი