რადოსლავ სიკორსკი – ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ შეკავებისთვის, მაქვს ბრინჯის მარაგი, მოვამზადე მურაბა, მაქვს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უკვე გავარკვიე თავშესაფრის ადგილმდებარეობა
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ ომს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ შეკავებისთვის, თუ პუტინი იმას გააკეთებს, რაც საქართველოს და ახლა უკრაინას გაუკეთა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავდა თუ არა რუსეთსა და ნატო-ს რომელიმე ქვეყანას შორის ომის შესაძლებლობას, სიკორსკიმ უპასუხა, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა – ვლადიმერ პუტინმა იცის.
სიკორსკის თქმით, შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის მომზადებისას გაარკვია, სად იყო თავშესაფრები და ბრინჯი და მურაბა მოიმარაგა.
„მე მაქვს ბრინჯის მარაგი, ხელის ტუმბო სახლში, ასევე, მურაბა მოვამზადე ჩემივე ბაღის ხილისგან. მაქვს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უკვე გავარკვიე თავშესაფრის ადგილმდებარეობა. ყველამ ასევე უნდა იცოდეს, როგორ დაიდოს სახვევი. ეს მშვიდობიან დროსაც გამოგადგებათ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
სიკორსკის განცხადებით, პოლონეთის ყველა მოქალაქემ მიიღო უსაფრთხოების ინსტრუქციები და სახელმწიფო თუ იტყვის, რომ „მზად უნდა იყვნენ“, მაშინ მათ ეს მოწოდება უნდა გაითვალისწინონ.