რაჟდენ კუპრაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, როგორ ხდება მათი მხრიდან ჩაფხუტების, პირბადეების, დროშების შესყიდვა, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
არასამთავრობო ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, როგორ ხდება მათი მხრიდან ჩაფხუტების, პირბადეების, დროშების შესყიდვა, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კუპრაშვილის თქმით, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„დაწყებული გვაქვს მოკვლევა რამდენიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია საჯაროდაც არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია გამოცხადება, რომ რომელიღაც ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება, არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაანადგურებს საქმის მასალებს, არ ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან. კანონს აქვს თავისი რეგულაციები. ამ რეგულაციის ფარგლებში გამოვავლენთ ყველა ფაქტს, რაც უკავშირდება ამ ორგანიზაციების საქმიანობას. ვპირდები როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე საზოგადოებას, რომ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი. ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი. მაგალითად, ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას ან რომელიღაც ბენეფიციარის უფლებების დაცვას და მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებული, ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, როგორ ხდება, რომ მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები, როგორებიცაა ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები. ეს არის რამდენიმე ათასი და ათიათასობით ლარის ღირებულების. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ვალდებული ვართ, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას. რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, ჩვენ დავიცავთ ამ ორგანიზაციებს. არავის მივცემთ საშუალებას, შეფარულად, ამ ორგანიზაციებს ამოფარებულად აკეთონ ფარული საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკას, სხვა არაგაცხადებულ საქმიანობას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამასთან, როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ყველაზე დიდი გაუმჭვირვალობა შესთავაზა მოქალაქეებს.
„პირდაპირ გეტყვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი იქცევა საშინლად. ეკა გიგაური წლების განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ევროპული მომავლისთვის, სამშობლოს სიყვარულით მოქმედებს. მან ყველაზე დიდი გაუმჭვირვალობა შესთავაზა მოქალაქეებს. ეს ჯერ კიდევ შარშან გააკეთა, როცა იძულებული ვიყავით, საარჩევნო სუბიექტად გვეცნო და მივიღეთ გადაწყვეტილება, გაესაჯაროებინა ხარჯები. გიგაურმა აირჩია გაუმჭვირვალობის გზა. წლების განმავლობაში ის თითქოს ზუსტად ამას ედავებოდა მთავრობის წარმომადგენლებს, რომ რაღაც პროცესები არ იყო გამჭვირვალე. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. რაიმე პროცესი თუ არის გაუმჭვირვალე, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიცოდეთ ინფორმაცია, მაგრამ გიგაური რასაც აკეთებს, არის საშინელება“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.