რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

როგორც კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ეხება ანტიკორუფციულ პოლიტიკას, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს და მათთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს რეკომენდაციებს.

„დღეს ანტიკორუფციული ბიურო მართავს შეხვედრას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. საუბარი გვექნება ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე სექტემბერ-ნოემბრიდან შევა ძალაში. საჯარო სექტორში არსებობდა ცუდი პრაქტიკა, როცა საჯარო მოხელე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერის ინიციატივით, შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი ასეთი პრაქტიკა. კონკრეტული თანამდებობის პირებს აღარ მიეცემათ შესაძლებლობა, დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გამოვეცით, რათა ეს კანონი კიდევ უფრო სწორად აღსრულდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც დარგობრივი დეფიციტია. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც, მაგალითად, რამდენიმე თეატრში მონაწილეობენ სპექტაკლებში. ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება;

მეორე კანონი არის, როდესაც მრჩევლის საქმიანობა აღარ იქნება ანაზღაურებადი, თუმცა აქაც, იმისთვის, რომ გამოირიცხოს კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს გვაქვს მიღებული რეკომენდაცია, სადაც ყველა დასაქმებული პირი ვალდებული იქნება, წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ, ჩვენ გვეცოდინება, მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი, ბიზნესი აქვს, რათა კორუფციული რისკები გამოირიცხოს და ვიცოდეთ, ეს ადამიანი კონკრეტულად რას საქმიანობს დაწესებულებაში;

შემდგომი ცვლილება არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე. ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს მოქალაქეს უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ, რაც ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხის მატარებელია. მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის შეტანას. მამხილლებელი შეიძლება იყოს ნებისმიიერი პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში მუშაობს და ამხელს კორუფციულ ფაქტებს. მამხილებლის დაცვით მექანიზმებზე მუშაობს ანტიკორუფციული ბიურო, ეს არის ჩვენი მანდატი. მამხილებელი შეიძლება იყოს სრულიად ანონიმური. არ აქვს ვალდებულება, თავისი სახელი და გვარი წარმოადგინოს, ან შეიძლება, მან ღიად წარმოადგინოს პრობლემა, შეიძლება, ნაწილობრივ დავხუროთ, ვიცოდეთ ჩვენ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, ვინ ამხილა კონკრეტული ფაქტი და განმხილველ ორგანოს კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდეს პირის შესახებ, დავიცვათ მამხილებელი. ყველა საკითხთან დაკავშირებით შეეძლებათ, მოგვმართონ. ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება, გამჭვირვალედ განიხილონ აღნიშნული საკითხი. ჩვენ გვეცოდინება, პრობლემა სად არის. იცით, რომ არსებობს გულისწყრომა, მაგალითად, ნებართვებთან დაკავშირებით, როდესაც რომელიმე მოქალაქე უფრო დაჩქარებულად იღებს ნებართვას, ვიღაც მოქალაქე თვეების განმავლობაში ელოდება საჯარო დაწესებულებიდან კონკრეტულ პასუხებს. ეს პრობლემები ვერ დარჩება გამჭვირვალობის გარეშე“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კითხვაზე, მამხილებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დროს ვისზეა მტკიცების ტვირთი, კუპრაშვილმა აღნიშნა:

„მტკიცების ტვირთი გადადის გამოკვლევაზე. მტკიცების ტვირთი არ ეკისრება მამხილებელს. მტკიცება უნდა გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ საკითხი. შესაძლებელია, მამხილებელმაც არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდოს. მაგალითად, მამხილებელს ეკუთვნის დაცვითი მექანიზმები, თუ ამხილა კონკრეტული თანამდებობის პირი – შესაძლებელია მამხილებელს გაუკეთდეს გარკვეული დაცვა, ვერ გაათავისუფლონ, არ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ პირის მიმართ. შესაძლოა, ეს არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული, თვითონ გახლდეთ არაკეთილსინდისიერი და სჭირდებოდეს ამ დაცვის გამოყენება. ამიტომ გაწერილი პროცედურები ამასაც უზრუნველყოფს. მამხილებელთან დაკავშირებით ფულადი ანაზღაურება კანონით არ არის გათვალისწინებული“.