რადას პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რეფერენდუმისა და არჩევნების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
რადას პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რეფერენდუმისა და არჩევნების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

უკრაინის უმაღლეს რადაში რეფერენდუმისა და არჩევნების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ რადას პირველი ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის მსახურის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე, ალექსანდრ კორნიენკო აცხადებს.

კორნიენკოს თქმით, სამუშაო ჯგუფს სავარაუდოდ თავად უხელმძღვანელებს, ხოლო აღნიშნული ჯგუფის შექმნის ინიციატივით ფრაქციის ლიდერი დავით არახამია გამოვიდა.

„მართლაც, რადაში სამუშაო ჯგუფის შექმნის ასეთი ინიციატივა არსებობს. ეს ჯერ არ მომხდარა. ეს დავით არახამიას მიერ იყო ინიცირებული. ეს სიმართლეა. ამ სამუშაო ჯგუფს სავარაუდოდ მე ვუხელმძღვანელებ. ჯგუფში ათობით ადამიანი იქნება: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ყველა ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენლები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი, სამინისტროები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, – განაცხადა კორნიენკომ.

მისი თქმით, მედიას ამ დისკუსიების ყველა შედეგს გაუზიარებს.

„რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ბევრ საკითხს, მათ შორის იმ კითხვებს, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებთან დასვა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასა და პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეკითხებიან“, – განაცხადა კორნიენკომ.