რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისს თავისი ნათესავების გამოყენებით ზეწოლაში ადანაშაულებს
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისს თავისი ნათესავების გამოყენებით ზეწოლაში ადანაშაულებს

რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისს თავისი ნათესავების გამოყენებით ზეწოლაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ალექსეი გონჩარენკომ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ოდესის ოლქში მისი ნათესავების დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა დააკავეს ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი და მისი მეუღლე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ოდესის ოლქში, ზღვის პირას 280 ჰექტარის ფართობის მიწის უკანონო მიტაცებაში. უკრაინული მედიის ცნობით, დაკავებულები დეპუტატ ალექსეი ​გონჩარენკოს ნათესავი ლესია დერევიანკო და მისი მეუღლე ნიკოლაი დერევიანკო არიან. ნიკოლაი ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქმის ფიგურანტები სანაპირო ზოლის სიახლოვეს უკრაინის ფოსტის შენობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უკანონო მიტაცებას ცდილობდნენ. უწყების ცნობით, უძრავი ქონების ღირებულება, რომლის მისაკუთრებაშიც დაკავებულები არიან ეჭვმიტანილები, ათობით მილიონი გრივნის ღირებულებისაა.

აღნიშნულ საქმეს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში გამოეხმაურა რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. მისი განცხადებით, ამგვარად პრეზიდენტის ოფისი მისი ნათესავების საშუალებით პირადად მასზე ზეწოლას ახორციელებს. ზეწოლის მიზეზად გონჩარენკო ასახელებს საბრძოლო მოქმედებების ზონებს გარეთ მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის 30 ათასი გრივნის გადახდის აღდგენისთვის ბრძოლას. შესაბამის კანონპროექტს რადამ 10 აპრილს დაუჭირა მხარი. დეპუტატის თქმით, ის პრეზიდენტის ოფისიდან მუქარებსაც იღებდა. როგორც გონჩარენკო ამბობს, მას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმებულიყო და არ შეხებოდა ანდრეი ერმაკს.