რაბიო იტალიის ჩემპიონს მოელაპარაკა
რაბიო იტალიის ჩემპიონს მოელაპარაკა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კონტრაქტზე შეუთანხმდა ტურინის „იუვენტუსს“. ფრანგი იტალიის ჩემპიონთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც წელიწადში შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამ ინფორმაციას გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe) ავრცელებს.

ზამთარში რაბიომ უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რის შემდეგაც ის შემადგენლობიდან ამოაგდეს. მას შემდეგ, რაც პარიზელთა გუნდში სპორტული დირექტორის პოსტზე ლეონარდო დაბრუნდა, გაჩნდა ჭორი, რომ რაბიო დარჩებოდა პსჟ-ში.

ამ ფეხბურთელით ასევე „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ „იუვენტუსმა“ მოიგო ბრძოლა თავისუფალი აგენტისთვის.