რა ვითარებაა ალეპოში - ცრუობს თუ არა რუსეთი
რა ვითარებაა ალეპოში - ცრუობს თუ არა რუსეთი

ალეპოში სამხედრო  ოპერაციის შეჩერებაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ინტენსიური სამხედრო ოპერაცია შეაჩერეს.

ამის მიუხედავად, თვითმხილველები იუწყებიან, რომ ალეპოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

რას ამბობს რუსეთი

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ლავროვი ირწმუნება, რომ სირიის არმიამ სამხედრო მოქმედებები შეწყვიტა და მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვონ.

„სირიის არმიის სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთ ალეპოში შეჩერებულია, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს“ – განაცხადა ლავროვმა Sputnik-თან ინტერვიუში.

რუსეთის საჰაერო ძალები ტაქტიკურ მხარდაჭერას უწევენ სირიის მთავრობას, რომელსაც ასევე მხარს უჭერენ არაბული სახელმწიფოების შიიტი სამხედროები.

რას ამბობენ თვითმხილველები

თვითმხილველები ამბობენ, რომ სირიის მთავრობის სამხედრო ძალები ალეპოში ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებენ და აგრძელებენ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ნაწილის აღებას.

„ამ დრომდე, ალეპოში 40-დან 32 ადგილია განთავისუფლებული. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და, ხანდახან, მოვლენები მოსალოდნელზე უფრო სწრაფად ვითარდება“ –  განაცხადა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

„ვერტმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ბომბდამშენები, როგორც ყველა სხვა დღეს, არაფერი შეცვლილა“ – განუცხადა „როიტერს“ აჯანყებულთა ჯგუფის წარმომადგენელმა.

სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციის მონიტორების განცხადებით, სირიის მთავრობის სამხედრო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და პარასკევს დილითაც გაგრძელდა.

რას ამბობს გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რათა ექვსწლიან კონფლიქტთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტის გზა მოიძებნოს.

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჟენევაში შაბათს არის დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ სამოქალაქო პირების ევაკუაცია ხანდახან სრულიად მოულოდნელად მიმდინარეობს ხოლმე. რუსეთი და სირია ჩვენ არ გველოდებიან. შაბათი არის დღე, როდესაც ამ საკითხებზე ჟენევაში ვიმსჯელებთ“ – განაცხადა გაეროს სპეციალურმა დესპანმა სირიაში სტაფან დე მისტურამ.

კონტექსტი

სირიის მთავრობა და მისი მხარდამჭერი სამხედრო ძალები, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამბოხებულების წინაარმდეგ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებენ.

ამბოხებულები ქვეყნის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილს 2012 წლიდან  აკონტროლებენ.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ალეპოს აღება ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ომის მიმართულებას მთლიანად შეცვლიდა.

წყარო: Euronews