რა პრობლემების წინაშეა ობსერვატორია - საჰაერო ტრასები აბასთუმნის ცაზე

საქართველოს ასტროფიზიკური ობსერვატორიის ისტორია 1890 წლიდან იწყება. მშენებლობა 1932 წლიდან დაიწყო. ევროპაში საუკეთესო ცად აბასთუმნის ცა მიიჩნიეს და იქ პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორიაც ააშენეს. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. პირველი ტელესკოპი 1937 წელს, ხოლო ბოლო 1980 წელს დაიდგა. ეს ობსერვატორიის ტექნიკური განახლების შესახებ ბოლო სიახლეა. საქართველოს ობსერვატორია დღეს პრობლემის წინაშეა. მას ახალი ტელესკოპი სჭირდება. ამ ყველაფერს საჰაერო ტრასების პრობლემაც დაემატა. აბასთუმნის თავზე საერთაშორისო საჰაერო ტრასებია განლაგებული, რაც მეცნიერებს კვლევების ჩატარებაში უშლის ხელს. ქართული ასტრონომია რიგი პრობლემების წინაშეა, თუმცა ობსერვატორიის დირექტორს მაია თოდუას ამ პრობლემების მოგვარების იმედი აქვს. ევროპაში პირველი სამთო ობსერვატორიის შესახებ სწორედ მისი დირექტორი მაია თოდუა გვესაუბრება.

​საქართველოს პირველი ობსერვატორიის ისტორია

​საქართველოს პირველი ობსერვატორიის ისტორია 1890-იანი წლებიდან იწყება. იმ დროს აბასთუმანში იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის თავადი გიორგი რომანოვი. ის ასტრონომიის მოყვარული იყო. მან დაპატიჟა ცნობილი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი. ის ჩამოვიდა პეტერბურგიდან, ჩამოიტანა პატარა ტელესკოპი და დაიწყო დაკვირვება. მან აღმოაჩინა, რომ აბასთუმნის ცა ბევრად უფრო გამჭირვალე იყო, ვიდრე პეტერბურგის. ის აკვირდებოდა ორმაგ ვარსკვლავებს. როდესაც ტელესკოპი მიუშვირა ერთ-ერთ ორმაგ ვარსკვლავს, მან მოახერხა მათი გარჩევა. პეტერბურგში ის ერთ ვარსკვლავად ჩანდა, აბასთუმანში კი, ორივე ვარსკვლავი ცალ-ცალკე გამოჩნდა. ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ გაეშენებინათ ობსერვატორია. გიორგი რომანოვის დახმარებით დაიდგა პირველი კოშკი, სადაც ტელესკოპი განათავსეს. 



პირველი სამთო ობსერვატორია ევროპაში

1932 წელს მშენებლობა ნულიდან დაიწყო. ეს იყო პირველი სამთო ობსერვატორია მთელს ევროპაში, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე. მისი პირველი დირექტორი იყო ევგენი ხარაძე. 

​პირველი ტელესკოპი

​პირველი ტელესკოპი 1937 წელს დაიდგა. ეს იყო კარლ ცაისის, გერმანული ფირმის მიერ დამზადებული ტელესკოპი. ეს ტელესკოპი დღესაც იქ დგას, როგორც სამუზეუმო ექსპონანტი.

​ასტრონომიით გატაცება – მაია თოდუა

​ასტრონომიით ჩემი გატაცება ბავშვობაში დაიწყო. 11 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე შესწავლა. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ასტრონომიას ეხებოდა. მაშინ ისეთი წიგნი არ არსებობდა, რაც წაკითხული არ მქონდა ასტრონომიის შესახებ. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ლენინგრადის უნივერსიტეტში. დამთავრების შემდეგ 1989 წელს დავიწყე მუშაობა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.



ტელესკოპები ობსერვატორიაში

​ბოლო, მზის ტელესკოპი დაიდგა 1980-იანი წლების ბოლოს. ამ მხრივ ობსერვატორიაში კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. ამჟამად 3 მოქმედი ტელესკოპია. თავის დროზე, ჯამში 14 ტელესკოპი გვქონდა. ყველაზე დიდი ტელესკოპი 1978 წელს დაიდგა, მისი დიამეტრი 125 სანტიმეტრია. ეს ტელესკოპი გაჩერებულია, რადგან საჭიროებს სერიოზულ რემონტს. ამჟამად, ყველაზე აქტიურად ვიყენებთ 70 და 50 სანტიმეტრიან ტელესკოპებს. ასევე, გვაქვს ერთი მზის ტელესკოპი.

ამ ტელესკოპებს ვიყენებთ კვლევისათვის. თუმცა ცხადია ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი საშუალება. ტელესკოპებს მუდმივად სჭირდებათ რემონტი და განახლება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე, რობოტიზირებული ტელესკოპები, რომელთა მართვა დისტანციურადაც შეიძლება. ასე ბევრად უფრო ადვილია დღეს ტელესკოპის მართვა, ვიდრე ადრე. ჩვენ თუ გვინდა ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და შევიტანოთ უფრო მეტი წვლილი მეცნიერებაში, ძალიან გვჭირდება განახლება და მოდერნიზაცია.

​მთავარი პრობლემები 

გვჭირდება ახალი ტელესკოპი და მიმღები ისტრუმენტები, ინსფრასტრუქტურის განახლება. გვჭირდება ახალგაზრდა კადრები. მართალია დღესდღეისობით ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ პროფესიით, მაგრამ საჭიროა მეტი ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან. მიუხედავად ამ პრობლემებისა, მაინც არსებობს პერსპექტივა. ბოლო პერიოდში ახალგაზრდების რიცხვმა მოიმატა.

ახალი ტელესკოპი

​წინადადება გვაქვს შეტანილი განათლების სამინისტროში და ახლა იხილავენ ამ საკითხს. ეს საკმაოდ იმედის მომცემია. იმედი მაქვს, რომ გამოგვივა. ამჯერად ვაპირებთ, ტელესკოპის შეძენას, რომლის სარკის დიამეტრი 1 მეტრია. ის დამზადებულია აშშ-ში. ტელესკოპის ღირებულება 700 000 დოლარს აღწევს. მის ინსტალაციას სხვა ხარჯებიც სჭირდება.

სახელმწიფოს როლი ასტრონომიისა და მეცნიერების განვითარებაში

​სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში. მე ვფიქრობ, რომ მეცნიერების განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული სახელმწიფოსათვის. სახელმწიფოს განვითარებაზე მარტო ეკონომიკური ინდექსები კი არ მიუთითებს, არამედ ქვეყანაში მეცნიერების დონე. რაც უფრო მეტი დაფინანსება იქნება, რა თქმა უნდა, ეს წინ წაწევს ქართულ მეცნიერებას. დღეს ობსერვატორიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით არის მილიონი ლარი.

​ქართველი ასტრონომის შემოსავალი

​საშუალო ქართველი ასტრონომის შემოსავალი არის 500-600 ლარი. მაგრამ ამას გარდა არის სხვა საშუალებები. ეს არის სხვადასხვა ფონდები, პირველ რიგში რუსთაველის ფონდი, სადაც ჩვენ მკვლევრებს ბევრი გრანტი აქვთ მიღებული. არსებობს სხვა უცხოური გრანტებიც. ასევე, ასტრონომების დიდი ნაწილი ილიას უნივერსიტეტში მუშაობს სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე.

ევროპაში საუკეთესო ცა

საქართველოს ევროპაში საუკეთესო ცა აქვს ასტრონომიული კვლევებისთვის. ​რა თქმა უნდა, ამის შესახებ კვლევებიც არსებობს. ექსპედიციებია ჩატარებული, სხვადასხვა ადგილია გამოკვლეული. მიმდინარეობდა ატმოსფერული დაკვირვებები. ეს ყველაფერი მიანიშნებს ჩვენი ატმოსფეროს მაღალ ხარისხზე. ობსერვატორიის ატმოსფერული შესაძლებლობების შესახებ სამეცნიერო წრეებშიც ცნობილია.



საერთაშორისო თანამშრომლობა

​ჩვენთვის საერთაშორისო თანაშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ განვავითაროთ საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს დაიწყო 90-იანი წლებიდან და სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს რა დაკვირვებებიც ხორციელდება ობსერვატორიაში, ყველა არის საერთაშორისო.

​აღმოჩენები

​პირველი ეს არის ორმაგი ასტეროიდის აღმოჩენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული მეცნიერებისათვის. ამასთან, ჩვენთან ხდება დაკვირვებები დედამიწასთან მოახლოებად ასტეროიდებზე. ეს არის ციური სხეულები, რომელიც შეიძლება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდეს. არსებობს მსოფლიო სამეცნიერო ქსელი და ჩვენ ამ ქსელის ნაწილი ვართ.

ევროპაში საუკეთესო ცას პრობლემა აქვს – საჰაერო ტრასები

ეს მართლა სერიოზული პრობლემაა, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. საერთაშორისო-საჰაერო ტრასები გადის ზუსტად ჩვენს ცაზე. ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის ჩვენ დაკვირვებებს და აფუჭებს ატმოსფეროს. თვითმფრინავები უშვებენ გამონაბოლქვს, რაც აჭუჭყიანებს ატმოსფეროს, ეს კი ხილვადობას აფერხებს და შესაბამისად, ვერ ვიღებთ მაღალი ხარისხის გამოსახულებას.

აუცილებლად ვაპირებთ, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. უბრალოდ, ეს არის საერთაშორისო დონეზე გადასაწყვეტი. საქართველოს შესაბამისი სამსახურების დახმარებით ვაპირებთ მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საჰაერო ტრასებს ადგენენ.