რა მოხდება, თუ ევროპა რუს ტურისტებს კარს საბოლოოდ დაუხურავს?
საილუსტრაციო ფოტო / საერთაშორისო ფოტო სააგენტო Getty Images-ი
იდეის სრულად დასამკვიდრებლად ზოგჯერ საჭიროა, რაიმე ინციდენტი მოხდეს. 4 აგვისტოს ლაიპციგის აეროპორტში, უკრაინული თვითმფრინავების სიახლოვეს, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. ის არ აფეთქებულა, მაგრამ რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის საკითხი ხელახლა ამოატივტივა.
ამ კვირაში გერმანიის ხელისუფლებამ ოპერაციის უკან მდგომ ძალად მოსკოვი ოფიციალურად დაასახელა. როგორც ბერლინი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მტკიცებულებები, მოქმედების მეთოდი და შეგროვებული სადაზვერვო მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ აგენტები რუსეთის სპეცსამსახურების ეგიდით მოქმედებდნენ. ეს არ არის დაგეგმილ ტერაქტში მხოლოდ სავარაუდო მონაწილეობა-არმონაწილეობის ან უბრალო ეჭვის საკითხი: ამ ყველაფრის უკან ნამდვილად დგას რუსეთი.

ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა ერთგვარი ცდუნებაა: გამოდის, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ აგენტს ევროპაში შესვლის საშუალება ტურისტულმა ვიზამ მისცა… სწორედ ასე წამოიჭრა ხელახლა რუსული ვიზების საკითხი.
დიდი ხნის ევროპული დავა
ეს საკითხი ახალი არ არის. შეზღუდვების გამკაცრებას შვედეთი და ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჯერ კიდევ ივნისში ითხოვდნენ. „სანამ უკრაინელები ბრძოლის ველზე იხოცებიან, ევროპაში არ უნდა არსებობდეს საშოპინგო ტურები უქმეებზე და ფუფუნებაში გატარებული შვებულებები“, – განაცხადა შვედეთის მიგრაციის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ივნისის ბოლოს, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას.
იმავდროულად, შვედეთმა, ფინეთმა, დანიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ასევე ნორვეგიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ევროკომისიისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს, რომელშიც დაგმობილია რუსი ტურისტების ნებივრობა ევროპულ პლაჟებსა და ზღვისპირა კურორტებზე, სანამ ომი გრძელდება.
ამ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ტურისტზე არ არის საუბარი.
2025 წელს ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, საიდანაც 477 000 ვიზა ტურისტულია. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 10 პროცენტით არის გაზრდილი. დაკმაყოფილებული განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე მოდის.
რატომ არის აზრთა ასეთი სხვადასხვაობა ევროპელებს შორის?
არსებობს ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი თვალსაზრისი. ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის თითოეული ვიზა რისკს წარმოადგენს – უკრაინაში ხომ ასობით ათას რუსს უბრძოლია! ამიტომ, მათთვის გაუგებარია, ამ კატეგორიისთვის რატომ უნდა არსებობდეს ევროპასთან მარტივი წვდომა.
რაც შეეხება საფრანგეთს, იტალიასა თუ ესპანეთს, მათი აზრით, რეჟიმის დანაშაულების გამო საზღვრების ჩაკეტვა მთელი ხალხის დასჯის ტოლფასი და კარის ცხვირწინ მიხურვა იქნება მათთვის, ვინც ამ რეჟიმს ეწინააღმდეგება.
საკითხის მიმართ ასეთი ორგვარი მიდგომის გამო, ევროპამ კომპრომისული გამოსავალი აქამდე ვერ გამონახა. მოსკოვთან გაფორმებული ვიზების გამარტივების შეთანხმება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბრიუსელმა შეაჩერა და რუსებისთვის მრავალჯერადი ვიზების გაცემა შეწყვიტა. პირობები გამკაცრდა, თუმცა რუსულ ტურისტულ ვიზებზე სრული აკრძალვა ევროკავშირს არასდროს დაუწესებია.
როდესაც რუსი ვეტერანებისთვის მათ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის საკითხი იხილებოდა, 27 წევრი სახელმწიფოს პოზიცია კვლავ ორად გაიყო. ამიტომ, ივლისში მიღებულ სანქციების ბოლო პაკეტში აღნიშნული ზომა მნიშვნელოვნად შერბილდა.
ლაიპციგის ინციდენტი თამაშის წესებს ცვლის
სწორედ ამის დაჯერება სურს კაია კალასს. ამ კვირაში, ირლანდიაში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა რუსი ვეტერანებისთვის ევროპული ვიზების აკრძალვისა და რუსი ტურისტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის „ფართო მხარდაჭერის“ აუცილებლობაზე ისაუბრა. შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში.

გერმანიაც ახლა ამავე მიმართულებით მიდის.
თუმცა, პრობლემა მაინც არსებობს. შესაძლოა, პასპორტი უკვე აღარ იყოს შესაფერისი ფილტრი და კრიტერიუმი, რადგან მოსკოვმა თანდათან შეცვალა თავისი მიდგომა. რუსეთის სპეცსამსახურები ახლა „აუტსორსინგული დივერსიის“ ფორმას ავითარებენ. მისი პრინციპი მარტივია, თუმცა საოცრად ეფექტური: ადგილობრივი შემსრულებლების დისტანციურად დაქირავება, მათთვის დავალების მიცემა, ანაზღაურების გადახდა და შემდეგ გაუჩინარება.
რუსული დაზვერვის ოფიცრის საზღვარგარეთ გაგზავნა აღარ არის საჭირო; ამისთვის უბრალო ტელეგრამ-შეტყობინებაც საკმარისია.
ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა უკვე დააფიქსირეს მზარდი დამოკიდებულება იაფფასიან სამუშაო ძალაზე, რომელიც ინტერნეტით დაქირავებული შემსრულებლებისგან შედგება და რომელთაგან ზოგიერთი რუსიც კი არ არის. ლაიდენის უნივერსიტეტის ახლახან ჩატარებული კვლევამ გამოავლინა ეროვნებების ფართო სპექტრი, რომელშიც, რუსებთან ერთად, უკრაინის, მოლდოვის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებიც შედიან…
ეს ტენდენცია გრძელდება – ამ კვირაში, დანიის დაზვერვის სამსახურმა რუსეთი თავდაცვის კომპანიების წინააღმდეგ დივერსიული აქტების დაგეგმვის მიზნით დანიის მოქალაქეების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა.
კარის ჩაკეტვა… მაგრამ ვისთვის?
სწორედ აქ ხდება ვიზებზე დებატები გაცილებით რთული. თუ მიზანი ყოფილი რუსი ჯარისკაცის ევროპაში შემოსვლის აღკვეთაა, რათა მან დივერსიული აქტი ვერ განახორციელოს, მაშინ მისი სავიზო მონაცემების შემოწმებას აზრი აქვს. მაგრამ თუ მოსკოვი მოლდოველს, უკრაინელს ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს გადაიბირებს, პრობლემის არსი მთლიანად იცვლება.
ეს ლაიფციგის ინციდენტიდან გამოსატანი ერთ-ერთი გაკვეთილია. ტურისტული ვიზა სუსტი წერტილია და ევროპელებმა ის საბოლოოდ უნდა აღმოფხვრან. მაგრამ იმის დაჯერება, რომ ამ კარის დახურვით ევროპა რუსეთის დივერსიულ საქმიანობას ბოლოს მოუღებს, თავის მოტყუება იქნება.