რა ხდება დომოდედოვოს​ აეროპორტში ავიაკატასტროფის შემდეგ - ფოტოამბავი
რა ხდება დომოდედოვოს​ აეროპორტში ავიაკატასტროფის შემდეგ - ფოტოამბავი

მოსკოვში, დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი რეისები თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით შესრულდა, მათ შორის თბილისი-მოსკოვის ავიარეისიც.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მგზავრების კითხვებს, გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აეროპორტში მომუშავე პერსონალი არ პასუხობს.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ დეტალებზე ოფიციალური წარმომადგენლები ინფორმაციას მათ ჯერ არ აწვდიან.

შეგახსენებთ, „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერი 11 თებერვალს დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან ორსკში მიემგზავრებოდა.

ბორტზე მყოფი 71 ადამიანი დიაღუპა. კატასტროფის ადგილზე რჩებიან მაშველები, რომლებიც დაღუპულების ცხედრებს ეძებენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოიძიებს.