რა კავშირია ხაჭაპურსა და იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებას შორის - ინტერვიუ გიორგი შერმადინთან [ვიდეო]

საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ეს მისთვის ამ სეზონში მეორე დიდი აღიარებაა – გიორგი ოქტომბერშიც საუკეთესო გახდა, ხოლო 2020 წლის შეჯამების შემდეგ მას ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა და ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის მეფედ დაასახელა.

აქვე ერთ საყურადღებო დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას – შერმადინს დეკემბერში სამით მეტი დადებითი მაჩვენებელი (თუნდაც ქულა) რომ ჰქონოდა, 2020 წლის ბოლო თვეშიც საუკეთესოდ აირჩევდნენ.

 

– 2 თებერვალს, შუადღის ვარჯიშზე თანაგუნდელებმა შემიკვეთეს – ხვალ ხაჭაპურით უნდა მოხვიდეო. ყოველი ჯილდოს მოგებაზე ვარჯიშზე ოჯახში გამომცხვარი ხაჭაპური მიმაქვს და ჩემი გუნდელებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ იანვრის საუკეთესო კალათბურთელად მე დამასახელებდნენ. ვარჯიშიდან წამოსული ვიყავი, როცა აღიარების შესახებ გავიგე. ასე რომ, პირობის ასრულება მომიწევს. თუმცა ეს ნამდვილად არ არის პრობლემა, მათთვის ნათქვამი მაქვს – მეტი ჯილდო იყოს და ხაჭაპურს არ დავიშურებ-მეთქი.

– იგივე ტიტული ოქტომბერში მიიღე, დეკემბერში მიზნამდე ცოტა დაგაკლდა…

– ამ თემაზე ჩემს მწვრთნელ ჯამლეტ ხუხაშვილთანაც ვსაუბრობდი. დეკემბერში სამით მეტი ქულა რომ მომეგროვებინა, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო ვიქნებოდი და დეკემბერშიც MVP-ის პრიზს მივიღებდი. თუმცა ჩემთვის ნებისმიერ პირად ჯილდოზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. „ტენერიფე“ წარმატებული გუნდი რომ არის, ამიტომაც მეტად ფასდება ჩემი გარჯა.

– ბოლო დროს კვლავ კარგად ამოქმედდა შერმადინი-უერტასის დუეტი. „ანდორასთან“ მატჩში მარსელინიო უერტასს 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, პასების უმეტესობა ქულებად შერმადინმა აქცია.

– „ტენერიფე“ გუნდურ კალათბურთს თამაშობს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში თამაში ჩემზე ეწყობა და უერტასიც კმაყოფილია – რადგან მას კარგად ვეხმარები, ქულებისა და პასების მოგროვებს ვუადვილებ. სხვა გუნდებისგან განსხვავებით „ტენერიფეში“ სათამაშო დრო თითქმის ყველა კალათბურთელს ეძლევა და თავის გამოჩენის შანსი ყველას აქვს.

– გაიმართა ჩემპიონთა მეორე ეტაპის ლიგის წილისყრა, ჯგუფში საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, თად მაკფადენის „ბურგოსთან“ მოხვდით…

– „ბურგოსთან“, „ვეფ რიგასთან“ და ბოსნიურ „იგოკეასთან“ ვითამაშებთ. საინტერესო გუნდებია, თუმცა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სხვათა შორის, თად მაკფადენის „ბურგოსს“ ესპანეთის თასზეც დავუპირისპირდებით. რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ამ ბარიერის გადალახვაც რეალურია და თასზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც.

– საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის „ბაბლს“ 19-21 თებერვალს მასპინძლობს. როდის შეუერთდები გუნდს?

– ყველაფერი დამოკიდებულია ესპანეთის თასის გათამაშებაში „ტენერიფეს“ შედეგებზე. პირველი მატჩი (მეოთხედფინალი) „ბურგოსთან“ 11 თებერვალს გვაქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში გამომგზავრებამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ავიღო, რომ თბილისის აეროპორტში წარმოვადგინო.

– 19 თებერვალს საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბეთია, 21 თებერვალს – ფინეთი.

– რთული ბრძოლები გველის. მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის იბრძვიან, ჩვენ კი 4-დან 4 მატჩი გვაქვს მოგებული. ასეც რომ არ იყოს, მასპინძლის სტატუსით ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული გვაქვს. თუმცა აქამდეც დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი მოტივაცია საქართველოს ნაკრების სახელით თამაშია. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ, შესარჩევი ეტაპი წაუგებლად ჩავამთავროთ. თბილისში რომ ვთამაშობთ, ძალიან მიხარია, თუმცა გული მწყდება, რომ შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ყველას კარგად მოეხსენება, როგორ უყვარს ქართველ გულშემატკივარს სპორტი, კალათბურთი და რას ნიშნავს ჩვენთვის ქომაგი…

ფოტო: gettyimages.com