ბათუმის „დინამო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს განარძობს. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ურთულეს დაპირისპირებაში ბელარუსის ვიცე-ჩემპიონი „ბატე“ დაამარცხეს (შინ 0:1, გასვლაზე 4:1) და ქართველი გულშემატკივარი გაახარეს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე წრეში ბათუმის „დინამოს“ ძლიერი მეტოქე შეხვდა – თურქული „სივასპორი“. ამ წყვილის გამარჯვებული პლეი ოფში პლოვდივის „ლოკომოტივისა“ და დათა ხოჭოლავს „კოპენჰაგენის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
თუმცა ახლა მთავარი საფიქრალი „სივასპორია“ – გუნდმა გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილზე 65 ქულით დაასრულა და ჩემპიონს, „ბეშიქთაშს“ 19 ქულით ჩამორჩა, ხოლო მესამეადგილოსან „ფენერბაჰჩეს“ – 17 ქულით.
ბათუმელთა მომავალი მეტოქე „სივასპორი“ ტიტულოვანი კლუბი არაა. თურქეთის ჩემპიონატში მედალი (ვერცხლი) მხოლოდ 2008/09 სეზონში მოიპოვა, ორჯერ კი მეოთხე ადგილი (2007–08, 2019–20) დაიკავა. ბევრჯერ იყო პირველ ლიგაში, სადაც 2003/04 და 2016–17-ში გაიმარჯვა. ამან არ უნდა მოგვატყუოს – თურქეთის სუპერლიგაში ჩვენთვის იოლად დასამარცხებელი გუნდი არაა.
„სივასპორმა“ ევროსარბიელზე პირველად 2008 წელს ინტერტოტოს თასზე ითამაშა და მესამე ეტაპზე გავიდა, 2009-2010 ჩემპიონთა ლიგიდან პირველივე ეტაპზე გამოვარდა და ევროპის ლიგაზეც გამოვარდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში პირველად გასულ სეზონში (2020–21) მოხვდა და ოთხჯერ დამარცხდა – „ვილიარეალთან“ (0:1, 3:5) და თელ-ავივის „მაკაბისთან“ (1:2, 0:1) და მხოლოდ აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბახთან“ (2:0, 3:2) მოიგო. 2021–22 უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე „სივასპორი“ მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მოლდოვური „პეტროკლუბი“ ორივე მატჩში 1:0 დაამარცხა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი 58 წლის რიზა ჩელიმბეი „სივასპორში“ 2019 წლის ივნისიდან მუშაობს. გუნდში 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდეც მოღვაწეობდა. მას ლამის ყველა თურქული გუნდი გაუწვრთნია – „კონიასპორი“, „ტრაბზონსპორი“, „ანტალიასპორი“, „ქასიმპაშა“, „რიზესპორი“, „ესკიშეჰირსპორი“, „ანკარასპორი“, „ბეშიქთაში“, „ანკარაგუჯუ“, „დენიზლისპორი“, „გოზტეპე“.
„სივასპორში“ საკმაოდ ბევრი ლეგიონერია:
მცველები – გაბონის ნაკრების აარონ აპინდანგოუ, ბერძენი დიმიტრიოს გუტასი, ფრანგი სამბა კამარა.
ნახევარმცველები – ფურკან საგმანი და ერდოგან იეშილურტი (ორივე გერმანიის მოქალაქეობის მქონე თურქები არიან), სერბი არმინ დერლეკი, ბრაზილიელი პედრო ენრიკე, განის ნაკრების წევრი ისააკ კოფი.
თავდამსხმელები – კოტდივუარის ნაკრების წევრი მაკს გრადელი მალის ეროვნული გუნდიდან მუსტაფა იატაბარე, ნიგერიელ ჯეიმს ლეკე და ესპანელ ხორხე ფელიქსი.
გუნდები ერთმანეთს პირველად 5 აგვისტის ბათუმში შეხვდებიან, განმეორებით მატჩი კი ერთ კვირაში „სივას არენაზე“ გაიმართება.
5 აგვისტო
დინამო ბათუმი – სივასპორი 21:00
12 აგვისტო
სივასპორი – დინამო ბათუმი 22:00